გენუა

გენუაში სამძებრო ოპერაცია დასრულდა, დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

იტალიის ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა

მაშველებმა ნანგრევებში დაკარგული ბოლო რამდენიმე ცხედარი იპოვეს. ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ცხრა ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ოთხი მათგანის მდგომარეობა კი, კრიტიკულია.

ხიდის ჩამონგრევის ოფიციალური მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ხიდის ჩამონგრევა კონტრუქციის გაუმართაობამ გამოიწვია. 

კომპანიამ, რომელიც ხიდზე მუშაობდა, გარდაცვლილთა ოჯახებისთვის ფონდი შექმნა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებს ჩაატარებენ, რათა ტრაგედიის მიზეზის გამოძიება უფრო გამარტივდეს.

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გენუაში 12 თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდი 14 აგვისტოს, ძლიერი წვიმის შემდეგ ჩაინგრა. ათობით ავტომანქანა 45 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი საინჟინრო კონსტრუქციის არამდგრადობა გახდა.

იტალიის მთავრობის წარმომადგენლები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხიდის ოპერატორ კერძო კომპანიას "Autostrade per l’Italia"-ს აკისრებენ და აცხადებენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხიდების და გვირაბების შემოწმება და რესტავრაცია დაიწყება.

კომენტარები