IBSU: ყადაღის საკითხი უსაფუძვლოა, თუ სასამართლო ჯარიმას დაგვაკისრებს, თანხა გვაქვს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადებით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დასახელებული ყადაღის საკითხი უსაფუძვლოა. უნივერსიტეტი ასაჯაროებს საბანკო ამონაწერს, რომლის მიხედვითაც, დავის IBSU-ს საწინააღმდეგოდ დასრულების შემთხვევაში, მათ ჯარიმის გადასახდელი თანხა აქვთ.

"საგადასახადო ჯარიმის გამო უნივერსიტეტის ქონებას სასამართლოს განჩინებით დაედო ყადაღა. ამ ეტაპზე, ჯარიმის თანხა შეადგენს 712 114,56 ლარს. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე მიმდინარეობს დავა. დავის განმავლობაში ორჯერ შემცირდა თანხა უნივერსიტეტის სასარგებლოდ.

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით (#025-152) გაუქმდა უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა. 2018 წლის 8 ოქტომბერს ჩანიშნულია სასამართლოს ხდომა შემოსავლების სამსახურის ბრძანების განსახილველად.

დავის უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ დასრულების შემთხვევაში, მობილიზებული გვაქვს სახსრები ჯარიმის დასაფარად" - აცხადებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია მიანიჭა 6 წლის ვადით, თუმცა 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტების მიღება შეუზღუდა. ამის მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა სახლდება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, "ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს".

კომენტარები