გურამ კაშია

ზურა ხიზანიშვილი: გურამ კაშიას 100%-ით ვუჭერდი მხარს ადრეც და დღესაც მაგ აზრზე ვარ

0 კომენტარი
ფოტო: adjarasport.com

ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი, ზურა ხიზანიშვილი ამბობს, რომ გურამ კაშიას მხარს უჭერს და ლგბტ სამკლავურის გაკეთებაში პრობლემას ვერ ხედავს.

"ასეთი რაღაცები ევროპაში ყოველთვის ხდებოდა, ხდება დღესაც. ჩვენს დროსაც, როცა ინგლისში ვთამაშობდი, იყო ასეთი პრეცედენტი, რომ ერთ კონკრეტულ დღეს ყველას უკეთია ეს სამკლავური. გურამ კაშია წარმოადგენდა თავის გუნდს, იყო კაპიტანი და გაიკეთა სამკლავური. ამაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. გურამ კაშია გადასცეს ანათემას და ითხოვენ ნაკრებიდან მოკვეთას. ვფიქრობ, რომ ხალხს საქმე არ აქვს და სხვისი ცხოვრებით არიან დაკავებულები. 100%-ით ვუჭერდი მხარს ადრეც და დღესაც მაგ აზრზე ვარ", - ამბობს ხიზანიშვილი.

ტაბულა დაინტერესდა ზურა ხიზანიშვილის პოზიციით ლგბტ ადამიანების მხარდაჭერასა და თანასწორობაზეც.

"თანასწორობასთან მიმართებაში მე არანაირი პრობლემა არ გამაჩნია. მარტივად გეტყვით - ყველას თავისი ცხოვრება აქვს, არც ჩემს ცხოვრებაში უნდა ჩაერიოს ვინმე და არც იმათ ცხოვრებაში. მე ვარ ამის მომხრე. მე ჩემი ცხოვრება და მიზანი მაქვს, არავის ცხოვრებაში ჩავრეულვარ და არც ვაპირებ, იგივეს ვითხოვ სხვებისგან", - უთხრა ტაბულას ხიზანიშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურად​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველას მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა.

შედეგად, ფეხბურთელმა ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ასევე, დახურულია მისი ინსტაგრამის პროფილი და ფოტოების ნახვა ყველას აღარ შეუძლია. გუშინ, 28 აგვისტოს კი ინსტაგრამის "სთორიზში" დაწერა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. ამის შემდეგ, გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები