გურამ კაშია

ჯღარკავა: ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს კაშიას და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციას

სფფ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა ჯღარკავა ამბობს, რომ ფედერაცია მხარს უჭერს გურამ კაშიას და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციას.

"გურამ კაშიას ჩვენი მხარდაჭერა ნამდვილად აქვს და არამარტო მას - ფეხბურთის ფედერაცია ეწინააღმდეგება ყოველგვარ დისკრიმინაციას, არის თანასწორობის იდეის მომხრე და როცა შევძლებთ და სადაც შევძლებთ, ყოველთვის დავაფიქსირებთ ამას და ვიმოქმედებთ შესაბამისად", - ამბობს ჯღარკავა ტაბულასთან.

გარდა ამისა, ნიკა ჯღარკავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის დაჯილდოვება UEFA-ს მხრიდან კარგი გადაწყვეტილება იყო.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი საუბრობს გურამ კაშიას მიმართ დადებით ტალღაზეც.

"ნეგატიურ ტალღასთან ერთად მე ვხედავ დიდ პოზიტიურ ტალღასაც. სასიამოვნოა, რომ ამ საკითხზე გურამის საქციელს და ჩვენს პოზიციას ამდენი ადამიანი დადებითად უყურებს", - ამბობს ის.

რაც შეეხება 9 სექტემბერს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩს და "ქართული მარშის" წევრების მუქარას, ნიკა ჯღარკავა ამბობს, რომ ფეხბურთის ფედერაცია და შესაბამისი უწყებები უსაფრთხოების დასაცავად მზად არიან.

"აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს და თუ ადამიანები მშვიდობიანად და კანონიერად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება მუქარებს და ა.შ., ორგანიზების საკითხია - ეს პირველად არ ხდება და მზად ვართ, ნამდვილად არ გვეშინია ამის. ახლა ჩვენი ფიქრები ძირითადად სპორტულ შედეგზეა მიმართული, საორგანიზაციო საკითხები დიდი ხანია მოგვარებულია, ამაზე არ ვნერვიულობთ", - ამბობს ჯღარკავა ტაბულასთან.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ჰომოფობიურად​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა.

შედეგად, ფეხბურთელმა ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ასევე, დახურულია მისი ინსტაგრამის პროფილი და ფოტოების ნახვა ყველას აღარ შეუძლია. გუშინ, 28 აგვისტოს კი ინსტაგრამის "სთორიზში" დაწერა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. ამას კვლავ მოჰყვა აგრესია. "ქართული მარშის" წევრმა, კონსტანტინე მორგოშიამ კი ფეისბუქზე ვიცე-კაპიტნის მიმართ მუქარის შემცველი პოსტიც გამოაქვეყნა, რის გამოც ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

გულშემატკივრებმა კი გადაწყვიტეს, რომ კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ.

კომენტარები