გურამ კაშია

კვირკველია კაშიას: მეც ის ვარ, ვისაც უნდა შენი ნაკრებში ჩამოსვლა

www.instagram.com/saba_kvirkvelia/

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" წევრი, საბა კვირკველია გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს.

ის გულშემატკივრების მიერ ინსტაგრამზე დაწყებულ კამპანიასაც შეუერთდა და სთორიში დაწერა:

"მეც ის ვარ, ვისაც უნდა შენი ნაკრებში ჩამოსვლა... ასე რომ, დაიკიდე და 6 სექტემბრიდან ახალი ისტორიის დაწერას ვიწყებთ ქართულ ფეხბურთში".


ფოტო: www.instagram.com/saba_kvirkvelia/
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურად​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა.

შედეგად, ფეხბურთელმა ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ასევე, დახურულია მისი ინსტაგრამის პროფილი და ფოტოების ნახვა ყველას აღარ შეუძლია. გუშინ, 28 აგვისტოს კი ინსტაგრამის "სთორიზში" დაწერა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. ამის შემდეგ, გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ.

კომენტარები