c ჰეპატიტი

C ჰეპატიტის პროგრამაში დაგეგმილზე ცოტა ერთვება, ძვირადღირებულ წამლებს ვადა გასდის


ფოტო: reuters

საქართველო C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთერთი პირველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, მოსახლეობის 7.7%-ს აქვს ეს ვირუსი. 

სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები. ამ წამლების ღირებულება რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს. ამჟამად პროგრამაში ჩართულია 50 000-ზე მეტი პაციენტი, მათგან 44 000-ზე მეტმა მკურნალობა უკვე დაასრულა, მათ შორის განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.

მოსახლეობის დაბალი აქტივობა

ბოლო პერიოდში პროგრამაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა, ეს ახალი პაციენტების დაბალი ნაკადია. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, იმისთვის, რომ ელიმინაციის მიზანი, დაგეგმილ ვადებში დამდგარიყო, თვეში 3500 ახალი პაციენტი უნდა ჩართულიყო ამ პროგრამაში. დღეის მდგომარეობით კი ამაზე სამჯერ ნაკლები - დაახლოებით 1000 პაციენტი იწყებს მკურნალობას. 

ამ შეფერხების გამო ძვირადღირებული მედიკამენტების ნაწილს ვადა გაუვიდა და ისინი ჩამოწერეს. დავით სერგეენკოს თქმით, სახელმწიფოს ამით ზარალი არ მიდგომია და ყველა პაციენტმა ვადიანი და უახლესი თაობის მედიკამტით იმკურნალა.

საქართველომ Gilead-ისგან რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტები მიიღო. დღეისთვის მედიკამენტ Sovaldi-ის ერთი ფლაკონის ღირებულება $28,000-ს შეადგენს. ამ წამლის 12-კვირიანი კურსის ფასი კი $84,000-ია, ხშირად პაციენტებს ამაზე უფრო ხანგრძლივი კურსის გავლაც უწევთ. 

ცვლილებები C ჰეპატიტის პროგრამაში

ახალი პაციენტების ნაკადის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობა სკრინინგის ჯამურ ღირებულებას ამცირებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ანალიზების ღირებულებას 140 ლარით შეამცირებენ. ამასთანავე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაფართოვდება პროგრამის მოსარგებლეთა არეალი. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება.

ცვლილებები შევა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. პროექტის თანახმად რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 1 თვისა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა Gilead-ის ვიდეო

საქართველოს მთავრობამ ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელმძღვანელები უპრეცედენტო ზომის საქველმოქმედო კამპანიის გამო 2017 წელს ოქროს საწმისის ორდენებით დააჯილდოვა.  

კომენტარები