თამბაქო

თამბაქოს კანონი იცვლება - ჯარიმა მცირდება, ხარვეზები, რაზეც ბიზნესომბუდსმენი მიუთითებს, რჩება

AP

საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის კანონის გადასინჯვა დაიწყო. ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით, არსებული რეგულაციის ზოგიერთი ასპექტი იცვლება. მაგალითად, მცირდება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიგარეტის მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაისჯება. ამასთანავე, სამედიცინო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების ეზოებში თამბაქოს მოხმარება დასაშვები ხდება. კიდევ ერთი ცვლილება რაც კანონში შედის, არის თეატრალურ წარმოდგენებზე მსახიობებისთვის თამბაქოს მოწევის უფლების მიცემა, რაც სპეციალური რეგლამენტით დარეგულირდება.

ამ ცვლილებების მიუხედავად, თამბაქოს კონტროლის კანონში კვლავ რჩება ბუნდოვანებები და ხარვეზები, რომელთა გამოსწორებისკენაც პარლამენტს სახელმწიფო ბიზნესომბუდსმენი მოუწოდებს. მათ შორის ერთერთი უმთავრესი საკითხი ევროდირექტივასთან მიმართებით კანონის აცდენაა. ეს აცდენა თვალსაჩინოა ელექტროსიგარეტებთან მიმართებით. ევროკავშირის კანონმდებლობა ელექტროსიგარეტებს თამბაქოს ნაწარმისგან ცალკე გამოყოფს და არეგულირებს. ამის მიზეზია ის, რომ ელექტროსიგარეტი არ წარმოადგენს თამბაქოს პროდუქტს. ის არ გამოყოფს კუპრს, მხუთავ აირსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც ჩვეულებრივი სიგარეტის წვის შედეგად გამოიყოფა. სწორედ ამ განსხვავებული თვისებების გამო ევროკავშირი ამ პროდუქტს მისთვის შემუშავებულ სპეციფიკურ მოთხოვნებს უწესებს. ქართული კანონმდებლობა კი ელექტროსიგარეტს თამბაქოს პროდუქტთად განიხილავს.

ელექტროსიგარეტების საკითხი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ არსებული კანონმდებლობა ქართულ ბაზარზე უხარისხო პროდუქტის შემოსვლის რისკს აჩენს. ევროკავშირის საერთო ბაზარზე, არ შეიძლება მოხვდეს ელექტროსიგარეტი, რომელიც შეიცავს 20 მილიგრამზე მეტ ნიკოტინს. ევროდირექტივის განმარტების მიხედვით, 20 მილიგრამი არის ნიკოტინის ის მოცულობა, რაც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევით გამოყოფილი ნიკოტინის დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს წარმოადგენს. ამასთანავე ნათქვამია, რომ მხოლოდ მაღალი სიწმინდის უნდა იყოს ნივთიერებები, რომლებითაც ელექტროსიგარეტის სითხე უნდა დამზადდეს. ქართულ კანონმდებლობაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს.

ელექტროსიგარეტის თამბაქოს ნაწარმის მსგავსად რეგულირებით საქართველო ხელიდან უშვებს შესაძლებლობას ნაკლებ ზიანზე დაფუძნებული პოლიტიკით, შეამციროს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე თამბაქოს მავნე ზემოქმედება. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ელექტროსიგარეტის მოხმარება დაახლოებით 95%-ით უფრო ნაკლებად მავნებელია, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს პროდუქტი არ შეიცავს იმ მთავარ მავნებელ ნივთიერებებს, რაც თამბაქოს წვით გამოიყოფა - ესენია კუპრი, მხუთავი აირი და სხვა.

ბიზნესომბუდსმენის კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხება მაღაზიებში თამბაქოს ნაწარმის განთავსების შესახებ არსებულ ბუნდოვან ჩანაწერს. დღეს მოქმედი კანონით აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება - სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება. არსებულმა აღსრულებამ აჩვენა, რომ შემოსავლების სამსახური კანონში მითითებულ კვების პროდუქტად მიიჩნევს არა მხოლოდ ბავშვის კვების პროდუქტს, არამედ ყველა სახის პროდუქტს რომელიც განკუთვლინილია საკვებად, მათ შორის, მოზრდილებისთვისაც.

ამ პრობლემასთან მიმართებით, პარლამენტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში წერია, რომ თამბაქოს ნაწარმი განცალკევებული უნდა იყოს მაღაზიაში სურსათის და სხვა სახის პროდუქტებისგან.

ბიზნესომბუდსმენი კიდევ ერთ პრობლემად მიიჩნევს კანონის ჩანაწერს მაღაზიებში თამბაქოს ნაწარმის ხილვადობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. 

თამბაქოს კონტროლის კანონი პარლამენტმა 2017 წელს მიიღო. კანონპროექტის ინიციატორი ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე, ხოლო ავტორი კი არასამთავრობო ორგანიზაცია "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" იყო. ეს კანონი თავისი მოქმედების არეალიდან გამომდინარე ბოლო წლებში მიღებული ერთერთი ყველაზე დიდი რეგულაციაა, რადგანაც ის ეხება ქვეყნის პრაქტიკულად ყველა მწეველ მოქალაქეს, ათიათასობით ბიზნესსა და დაწესებულებას.

კანონის მნიშვნელოვანი ნაწილი 2018 წელს ამოქმედდა, უკვე ძალაში შესული ნორმებიდან ყველაზე მეტ ადამიანს დაწესებულებებსა და საჯარო სივრცეებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ეხება. ეს ცვლილება 2018 წლის 1 მაისს შევიდა ძალაში. თუმცა, პარლამენტის მიერ თავდაპირველად მიღებულ კანონში უკვე მრავალი რამ შეიცვალა. მათგან ყველაზე დიდი ცვლილება თამბაქოს ნაწარმის ე.წ. "სადა შეფუთვის" ამოქმედების გადავადება იყო. 

პირველადი პროექტის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის ე.წ. "სტანდარტული შეფუთვით" რეალიზაცია უნდა დაწყებულიყო. ამ ნორმის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანაში ყველა მარკის სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდებოდა. აიკრძალებოდა ნებისმიერი სახით შეფუთვაზე ბრენდის მითითება. ეს მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის შეუსაბამოდ მძიმე ტვირთის დაწესება იქნებოდა მაშინ, როდესაც ამის გაკეთებას საქართველოს არავინ არ ავალდებულებდა. ამიტომ 2017 წელსვე შევიდა კანონში ცვლილება და სტანდარტული შეფუთვის ამოქმედება 2022 წლამდე გადაიწია. 

კომენტარები