ზუგდიდი

ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების მუხლით დაიწყო

ლაშა გოგია
smoge

ზუგდიდის მერთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლით დაიწყო. 

განცხადება უწყებამ დღეს გაავრცელა. ლაშა გოგია სუს-ში 2 დღის წინ დაიბარეს, გუშინ კი მან გადადგომის შესახებ ფეისბუქზე დაწერა. 

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი"

გოგიას გადადგომის მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ტაბულა მასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამაც. 

ლაშა გოგიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2017 წლის ოქტომბერში ქართული ოცნების კანდიდატი იყო, გაიმარჯვა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გახდა. 

გოგიას შესახებ განცხადება ქართულმა ოცნებამაც გაავრცელა. 

"ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით,  რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება. სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით დატოვეს დაკავებული თანამდებობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ. გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები. „ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია", - აცხადებს პარტია. 

სამეგრელოში გუბერნატორი აგვისტოს მეორე ნახევარში შეიცვალა და ეს პოსტი ალექსანდრე მოწერელიამ დაიკავა. ის სამეგრელოში შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ წარადგინა. 21 აგვისტოს გახარიამ თქვა: 

"გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან ექნება სამეგრელოს. განსაკუთრებით ზუგდიდს და არავინ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები. ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, რაც ნიშნავს ერთ რამეს - ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთი და იგივე, სამართლიანობა კი ძირითადი კრიტერიუმი მთელს ამ პროცესში", - თქვა შს მინისტრმა. 

ამის შემდეგ კი გუბერნატორმა მოწერელიამ თქვა, რომ მას შეუძლია, მუნიციპალიტეტების საქმიანობა შეისწავლოს.

"როდესაც კომისია შევა, შეისწავლის სად რა დარღვევაა, იმის მიხედვით, გუბერნატორს შეუძლია შეაჩეროს საკრებულოების უფლებამოსილება", - განაცხადა მოწერელიამ

მაშინ შს მინისტრის და გუბერნატორის ეს განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დატუქსვად და ზეწოლად იქნა აღქმული. 

კომენტარები