ხორავას ქუჩის საქმე

"კომისიის წევრთა უმრავლესობამ არასწორი მოლოდინი შექმნა" - "ოცნების" დადგენილების პროექტი

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი სესიაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან ერთად გავა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა.

დადგენილების პროექტის მიხედვით, "მიუხედავად იმისა, რომ კომისიის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესწავლა, საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ შექმნილი იყო არასწორი მოლოდინი".

უმრავლესობის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება - ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა.

"ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და
პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის
სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე.... 
გამოიკვეთა, რომ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, დანის დაზიანება არ მომხდარა განზრახ" - წერია დოკუმენტში.

დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც გამოძიებამ შეკრიბა
საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, მირზა სუბელიანი დააკავეს დანაშაულის
შეუტყობინებლობისთვის. დოკუმენტში წერია, რომ როგორც კომისიამ დაადგინა, არ არის ჩატარებული ან დაგვიანებით არის ჩატარებული ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის:

  • მირზა სუბელიანის, მისი არასრულწლოვანი შვილის - ა. ს.-ს და ცოლის არასრულწლოვანი დის შვილის - მ. კ.-ს მიმართ არ ჩატარებულა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები (მაგალითად: არ გამოიკითხა მირზა სუბელიანი, არ გაიჩხრიკა არასრულწლოვანი მ. კ.-ს ბინა და არ ამოიღეს მისი ტანსაცმელი.
  • საქმესთან შემხებლობაში მყოფი ზოგიერთი პირის ბინა არ გაჩხრიკეს და არ ამოიღეს მათი ტანსაცმელი.
  • არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები დ. ღ.-ს მიმართ.
  • არ გამოკითხეს ან დაგვიანებით გამოკითხეს საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი.
  • გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ ამოიღეს ან დაგვიანებით ამოიღეს. ამასთან, არ მოხდა ყველა პირის იდენტიფიცირება, ვინც ჩანაწერებშია აღბეჭდილი.
  • არ განხორციელდა კონფლიქტში მონაწილე და მათთან დაკავშირებული ზოგიერთი პირის სატელეფონო საუბრების მოსმენა-მიყურადება. ასევე, არ ამოიღეს ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა ტელეფონები და კომპიუტერები.
  • კითხვის ნიშნებს ბადებს გამომძიებლის ზოგიერთი მოქმედება. თვალსაჩინოებისათვის გამოდგება ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, სადაც გამომძიებელი მირზა სუბელიანს უცნობ პირად მოიხსენიებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, მირზა სუბელიანი პასუხისგებაშია მიცემული და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

"წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულებების გამოკვლევის/შეფასების საფუძველზე,
ნათელია, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ან დაგვიანებით
ჩატარებას აქვს განსხვავებული მიზეზები და კომისიის მიერ შესწავლილ და მოპოვებულ
მასალებზე დაყრდნობით შეუძლებელია ეს ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს რომელიმე
თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომად ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად.

ამოძიების პროცესისთვის არ არსებობს წინასწარ დადგენილი სტანდარტული საპროცესო წესი, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა ჩატარდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და ყოველი სისხლის სამართლის საქმე, მისი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. საგამოძიებო ტაქტიკას განსაზღვრავს გამოძიების მწარმოებელი თანამდებობის პირი და მისი პროცესუალური ხელმძღვანელი, რაც მათ დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. კომისიის მუშაობისას ვერ გამოიკვეთა ის განსხვავებული შედეგი, სხვა გარემოება ან რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მოგვცემდა
მსჯელობისა და ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საქმეში არსებულმა
ხარვეზებმა, გარდა მტკიცებულებათა ხარისხისა, არსებითი გავლენა მოახდინა საქმის საბოლოო
შედეგზე. თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ შესაბამისმა კომპეტენტურმა
ორგანოებმა მუშაობა არ უნდა გააგრძელონ ამ მიმართულებით
"- წერია დადგენილების პროექტში.

საპარლამენტო უმრავლესობის მომზადებული პროექტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებია:

  • საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარონ სამსახურეობრივი შემოწმება, რათა, არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთონ კანონდარღვევა გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
  • საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ მ. კ.-ს ქმედებებს გამოძიების (როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი საქმის), სასამართლო განხილვის ეტაპზე. ასევე როგორც სისხლის სამართლის საქმეში არსებული, ასევე საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებების საფუძველზე; ასევე საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. აღნიშნულმა სტრუქტურებმა უნდა გამოკვეთონ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის მკვლელობისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მისი ქმედებების შეფასების შემდეგ, გატარდეს ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება.
  • კომისიის მუშაობისას ასევე გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანი მოწმე მ.კ.-ს მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის არსებობს წინააღმდეგობები. შესაბამისად, მიზანშეწონილია შესაბამისმა ორგანომ იმსჯელოს, ხომ არ იკვეთება ამ ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
  • საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ საგამოძიებო კომისიის წინაშე მირზა სუბელიანის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.
  • ცალკე გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე - მიუხედავად იმისა, რომ კომისიისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული გამოყოფილი საქმის ფარგლებში გამოძიების სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობის შესახებ (მათ შორის ამ ფაქტზე). შსს-მ ცალკე განსაზღვროს ამ ფაქტის შესაბამისი კვალიფიკაცია.
  • ასევე, შსს-მ ჩაატაროს ყველა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისათვის და პასუხისგებაში მიცემისთვის.
  • მიზანშეწონილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ჩართულობით შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შესაძლებელი გახდება პატიმარ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის 40-დღიანი ვადის გახანგრძლივება.

რეკომენდაციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს

  • შეიმუშაოს სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთიანი წესი, რაც, თავის მხრივ, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნას; პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას; უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებზე ეფექტიან რეაგირებას; სკოლის უსაფრთხო გარემოზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, მანდატურის სამსახურისა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობას;
  • „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებებიდან გამომდინარე, დროულად ჩამოაყალიბოს და შეიმუშაოს სკოლებში კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე გამოწვევებთან ეფექტიან გამკლავებას;
  • ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოავლინოს კონფლიქტის პრევენციასა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი;

კომენტარები