განათლება

ჩაჭრილი უნივერსიტეტებისთვის ხელსაყრელი კანონპროექტი - ვისთვის ცვლიან კანონს

მას შემდეგ, რაც შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება თანხის გადახდის მიუხედავად შეუჩერდა,"ქართულ ოცნებაში" მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც უნივერსიტეტების ნაწილს ავტორიზაციას 2020 წლამდე გადაუვადებს. აღმოჩნდა, რომ ცვლილება მომგებიანია მათ შორის ისეთი სასწავლებლებისთვის, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობის პირებს უკავშირდება.

პირველ რიგში, მიუთითებენ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშზე, რომელიც  ამ კანონპროექტის ავტორია სამ სხვა დეპუტატთან ერთად. თუმცა, ერთი მათგანი მისივე ინიცირებული კანონის მხარდაჭერაზე უკვე უარს ამბობს, ორის კომენტარიდან კი ირკვევა, რომ ცვლილებების ინიციატორი რეალურად მხოლოდ მარიამ ჯაშია. გარდა ამისა, ავტორიზაციის პროცესში ჩართული პირები ჯაშის მხრიდან წარსულში სხვადასხვა უნივერსიტეტისთვის "პრობლემების მოგვარების" მცდელობაზეც საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ავტორიზაციის საბჭო როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე სახელმწიფო ორგანოებისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. თუმცა, ამის მიუხედავად, ავტორიზაციის პროცესზე პოლიტიკური ზეგავლენის გამო ბოლო წლებში არაერთი უნივერსიტეტის შემთხვევა მოექცა ყურადღების ცენტრში.

კანონში დაგეგმილი ცვლილება შეეხება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა გასდით ან გაუვიდათ 2018-2019 წლებში და მათთან დაკავშირებით საბჭოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ასეთი 29 უნივერსიტეტია, თუმცა გადავადებას სავარაუდოდ ისინი მოითხოვენ, რომლებსაც შეიძლება ავტორიზაციის პრობლემა შეექმნათ. ტაბულას ინფორმაციით, მათგან ორზე საბჭომ მკვეთრად უარყოფითი დასკვნა გასცა, რაც ავტორიზაციის შეჩერების საფუძველია. ესენია: თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი. სხდომა, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, 16 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ამ უნივერსიტეტების მოთხოვნით გადაიდო. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებაც, რომლითაც დაწესებულებები ნებაყოფლობით ისარგებლებენ. ინიციატორებმა მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს.

დაზუსტებით იმის თქმა, რომელი უნივერსიტეტების გამო იცვლება კანონი, რთულია. თუმცა, ჩნდება კითხვები - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი დაგეგმილი ცვლილებების ავტორისა და ინიციატორის, მარიამ ჯაშის ბიძა, მამიდის ქმარი გაიოზ ნადირაშვილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევრორეგიონული სასწავლო, იგივე სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორი და 20%-იანი წილის მფლობელი, სოფიო სუხიშვილი განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მფლობელობაში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია. მისი და, ეკატერინე სუხიშვილი კი გორის მერის მოადგილეა და ის ასევე ფლობს უნივერსიტეტის 20%-იან წილს.

კანონპროექტის ავტორები დაჩქარებულ განხილვას ითხოვდნენ, თუმცა კომიტეტზე მოსმენის შემდეგ ოპოზიციამ ნეპოტიზმზე დაიწყო საუბარი. მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები და ცვლილებების განხილვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

კანონპროექტის ავტორად ოფიციალურად 4 დეპუტატი დარეგისტრირდა: მარიამ ჯაში, გია ჟორჟოლიანი, სიმონ ნოზაძე, გენადი მარგველაშვილი. თუმცა, დეპუტატებთან საუბრის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ავტორი მარიამ ჯაშია, სხვები კი მისი ინიციატივით შეუერთდნენ. მეტიც, გია ჟორჟოლიანი ტაბულასთან ამბობს, რომ ცვლილებების არსს არ ეთანხმება.

"ამ კანონპროექტს სამწუხაროდ კარგად არ ვიცნობდი, ძალიან ზედაპირული შეხედულება მქონდა. გავეცანი და მიმაჩნია, რომ არ უნდა გავიდეს. მეც ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ამისი განხილვა შეჩერებულიყო და დავურეკე პარლამენტის თავმჯდომარეს. მეგონა უფრო ტექნიკური შინაარსი ჰქონდა. ამას არავის ვაბრალებ, ჩემი ბრალია, მაგრამ მაქვს პატარა გამართლება, არ ვიცნობდი ფაქტიურად კანონპროექტს. ეს არც მარიამს და არავის არ დააბრალოთ, ჩემი ბრალია, უყურადღებოდ მოვიქეცი. პათოსს და შინაარსს, რაც კანონპროექტშია, არ ვიზიარებ. როცა გავერკვიე, უარი ვთქვი. არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის უნივერსიტეტები, რომლებმაც ავტორიზაციისთვის გარკვეული ძალისხმევა გაწიეს", - ამბობს დეპუტატი.

ტაბულას კითხვას, როგორ აღმოჩნდა ავტორებს შორის ან უშუალოდ ვინ დაწერა კანონპროექტი, პირდაპირ არ პასუხობს. ამბობს, რომ თანაავტორებთან ჰქონდა საუბარი და არ ჰგონია, რომ მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში.

გენადი მარგველაშვილი, რომელიც დარეგისტრირებულია როგორც კანონპროექტის თანაავტორი და რომელმაც წარადგინა კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე და განათლების კომიტეტის სხდომაზე, ამბობს, რომ ცვლილებებს ეთანხმება, თუმცა მას არ დაუწერია. დეპუტატის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაცია მარიამ ჯაშთან და დათანხმდა.

"მას შემდეგ, რაც ეს კონსულტაცია მოვისმინე, სიამოვნებით დავთანხმდი. ვეთანხმები თავიდან ბოლომდე, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს", - ამბობს დეპუტატი.

პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, რომელიც დარეგისტრირებულია, როგორც ცვლილებების თანაავტორი, ასევე ამბობს, რომ კანონპროექტი უშუალოდ მას არ დაუწერია.

"ამ ერთგვარი შეღავათით 29 სასწავლებელი ისარგებლებს და სიმართლე გითხრათ, დიდ შეღავათად არც მიმაჩნია, იმიტომ რომ ერთი წლის შემდეგ მათ არავინ აპატიებს, თუ ვერ გაივლიან ავტორიზაციას", - აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.

ტაბულას კითხვას, იცის თუ არა, რომ ერთ-ერთი უნივერსიტეტის, რომლისთვისაც ეს ცვლილებები მომგებიანია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯაშის ბიძაა, სიმონ ნოზაძე პასუხობს, რომ საქართველო პატარაა და ყველგან შეიძლება ნათესავი აღმოჩნდეს. თუმცა დეპუტატი აღნიშნავს, რომ როცა ცვლილებები გააცნეს, დაინტერესდა ეხება თუ არა ეს განათლების მინისტრის უნივერსიტეტს და უთხრეს, რომ მას ავტორიზაციის ვადა 2022 წლამდე აქვს.

ტაბულა რამდენიმე დღეა ცდილობს დაუკავშირდეს მარიამ ჯაშს. არაერთი სატელეფონო ზარისა თუ შეტყობინების გაგზავნის მიუხედავად, დეპუტატს ჩვენთვის არ უპასუხია. მან 20 სექტემბერს ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება და ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

"არც ერთი უნივერსიტეტი არ არის ჩემი ოჯახის წევრის ან ნათესავის მფლობელობაში! აქვე ვამაყობ, რომ ჩვენ დიდ ოჯახს არაერთი დამსახურებული პედაგოგი ჰყავს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მოღვაწეობდნენ და დღესაც მუშაობენ (არა ფლობენ) სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მათ შორის გიდასტურებთ, რომ ერთი-ერთი სასწავლებელი დღეს ავტორიზაციის პროცესს გადის და როგორც ჩანს ჩემი ოპონენტები, ცდილობენ ჩემი გადაწყვეტილება დაუკავშირონ ამ ფაქტს", -წერს დეპუტატი.

ამავე პოსტში მარიამ ჯაში წერს იმაზეც, რომ რექტორთა საბჭოს უმრავლესობა დაგეგმილ ცვლილებებს ეთანხმება და რადგან სამინისტრო მზად არის გადაიხედოს ავტორიზაციის არსებული სისტემა, მხარდაჭერას უცხადებს.

დეპუტატის ბიძა ტაბულასთან ამბობს, რომ მარიამ ჯაში ნამდვილად მისი ცოლის ძმის შვილია, თუმცა არ იცის, კანონპროექტის ავტორი ის თუ არის. მისი თქმით, დეპუტატთან უნივერსიტეტის პრობლემებზე საუბარი არ ჰქონია.

"არავითარი საუბარი მაგ თემაზე არ ყოფილა. დიდი გზა გავიარე და ნეპოტიზმი არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ამისთანა ღვთაებრივ ადამიანს, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, მე რაღაცაზე შევაწუხებ? როგორ გეკადრებათ. ეს ჩემი ჩვევა არ არის. ძალიან გთხოვთ, ამ ადამიანს ჩირქი არავინ მოსცხოს", - ამბობს ის.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მისგან დამოუკიდებლად ეთხოვათ დახმარება უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს, პასუხობს, რომ ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა არაობიექტურია და "80% ტყუილი იყო ჩაწერილი".

ტაბულას მარიამ ჯაშთან კითხვები ჰქონდა არამხოლოდ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, ის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ "ჰიპოკრატეს" პრობლემების მოგვარებასაც ცდილობდა, რომელიც გასულ წელს, ავტორიზაციის შეჩერების შემდეგ დაიხურა.

ავტორიზაციის ექსპერტი, ლიკა ღლონტი დეპუტატისგან სატელეფონო ზარს ადასტურებს და ამბობს, რომ უარის შემდეგ ჯაშმა ამ საუბრის დავიწყება სთხოვა. საუბარი სასწავლებელ "ჰიპოკრატეს" ეხებოდა.

"ეს იყო ძალიან ზრდილობიანი თხოვნა, მკითხა რისი გაკეთება შეიძლებაო. მიიღო პასუხი, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა, ვისაც არ უნდა დაერეკა ჩემთან და რამე ეთქვა. ვუთხარი, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩადგებოდა, რადგან სასწავლებელში იყო საკმაოდ მძიმე ვითარება. სხვათაშორის, ის სასწავლებელი მერე დაიხურა. ჩემი პასუხის შემდეგ უკან დაიხია და ძალიან შეწუხდა. ცოტა ხანში გადმომირეკა და მითხრა, რომ ჩათვალეთ, თქვენთან ზარი არ გამომიშვიაო", - ამბობს ღლონტი.

მისივე თქმით, აქამდე ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია, მაგრამ როცა კანონში ასეთი ცვლილება შედის მარიამ ჯაშის ინიციატივით, საჭიროდ ჩათვალა, რომ ისაუბროს.

"მე ზოგადად სისტემის საკითხი მაწუხებს. მარიკა ჯაში დღეს არის კომიტეტის თავმჯდომარე და ხვალ შეიძლება არ იყოს. აქ საუბარია იმაზე, რომ ასეთი პირადი ინტერესების გამო მთელი სისტემა შეიძლება დაინგრეს. ეს ცვლილება ძალიან არათანმიმდევრულია, აქვს სუსტი დასაბუთება და ბადებს ეჭვს, რომ კონკრეტული სასწავლებლების ინტერესების ლობირება ხდება და ვიღაცებისთვის იცვლება კანონი", - აღნიშნავს ავტორიზაციის ექსპერტი და erasmus+-ის ოფისის კოორდინატორი.

"ჰიპოკრატესთან" დაკავშირებით მარიამ ჯაშის სატელეფონო ზარს ადასტურებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ყოფილი ხელმძღვანელი თამარ სანიკიძეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ განათლების ახალმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თამარ სანიკიძე ტაბულასთან ამბობს, რომ თანამდებობის პირები და არამარტო, მასთან ხშირად რეკავდნენ, თუმცა პირდაპირ ლობირებას "ვერ ბედავდნენ", რადგან მისი დამოკიდებულების შესახებ იცოდნენ. მათ ვინაობას ის არ ასახელებს.

ტაბულამ მას ჰკითხა კონკრეტულად მარიამ ჯაშის მხრიდან სატელეფონო ზარებზეც.

"კითხვები ნამდვილად დაუსვამს ხოლმე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ პირდაპირ ლობირებას ვერ დავადასტურებ. რა სახის პრობლემებია, რა ბედი შეიძლება ეწიოს ასეთი პრობლემების დროს და მსგავსი კითხვები ყოფილა. ხშირად იყო ასეთი შეკითხვები და გამიჭირდება გამოვარჩიო რომელიმე კონკრეტული უნივერსიტეტი, რომელსაც ეს ეხებოდა. "ჰიპოკრატესთან" დაკავშირებითაც იყო გარკვეული შეკითხვები, ნამდვილად იყო, მაგრამ პირდაპირი მითითებით და ინტერესის გამოხატვით არა", - აღნიშნავს ის.

ტაბულას ინფორმაციით, თამარ სანიკიძეს მარიამ ჯაშმა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის გამოც დაურეკა, თუმცა სანიკიძე ამას არ ადასტურებს.

გარდა ამისა, ტაბულას მიაწოდეს წერილი, რომელშიც დეპუტატი სანიკიძეს იმ დროისთვის ავტორიზაცია შეჩერებული გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის შესახებ ოფიციალურად წერს და სთხოვს, რომ კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს დახმარება.

უნივერსიტეტები, რომლებსაც ცვლილება ეხება

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის 55%-იან წილს დავით ჯანგულაშვილი ფლობს, ხოლო 10%-იან წილ ლევან ჯანგულაშვილი, რომელიც ამავდროულად უნივერსიტეტის რექტორია. მარიამ ჯაშის ბიძა, გაიოზ ნადირაშვილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, ავტორიზაციის საბჭოს დასკვნაში თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა 7 კრიტერიუმიდან დადებითი შეფასება ვერც ერთში მიიღო - უნივერსიტეტი ხუთ სტანდარტთან საერთოდ არ არის შესაბამისობაში, ხოლო ორთან მხოლოდ ნაწილობრივ შესაბამისობაშია.

შეუსაბამობებია, მაგალითად, მართვის, პროგრამების, პერსონალის და მატერიალური რესურსების ნაწილებში.

წყარო ამბობს, რომ პერსონალისა და სტუდენტების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ინსტიტუციაში დაცული არ არის, არასათანადოდაა აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტები, შენობის გარეთ არ არის ვიდეო კამერები, შენობაში კი უმნიშვნელო რაოდენობითაა. გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ ფართი არაა აღჭურვილი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის აუცილებელი სიმძლავრეებით, უნივერსიტეტს არ გააჩნია მნიშვნელოვანი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, შეზღუდულია ბიბლიოთეკის რესურსები, არასაკმარისია კომპიუტერები.

გარდა ამისა, დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტში ანტისანიტარიაა და არ არის სავენტილაციო სისტემა. გარდა ამისა, დასკვნის მიხედვით, შენობები არ არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის.

კითხვა ჩნდება უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებითაც - მიუხედავად იმისა, რომ მათ არ იციან ქართული, ქართულ ენაზე მიმდინარე გამოცდების ჩაბარებას ახერხებენ.

რაც შეეხება ევრორეგიონულ უნივერსიტეტს, მას ხუთი მეწილე ჰყავს. სუხიშვილების ოჯახის 5 წევრი: ვლადიმერ სუხიშვილი, რუსუდან სუხიშვილი, ზვიად სუხიშვილი, სოფიო სუხიშვილი და ეკატერინე სუხიშვილი 20-20%-იან წილებს ფლობენ.

ტაბულა რამდენიმე დღეა ცდილობს უნივერსიტეტის რექტორთან და განათლების მინისტრის უნივერისტეტის ასოცირებულ პროფესორთან,  სოფიო ხუციშვილთან დაკავშირებას, თუმცა ის არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან არ დაგვაკავშირეს არც ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე დარეკვის შემდეგ.

კომენტარი გააკეთა მხოლოდ ეკატერინე სუხიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ თუ დაგეგმილი ცვლილებები ძალაში შევა, აუცილებლად ისარგებლებს, თუმცა იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილებებს ის აღარ იღებს.

"მე ვარ 20%-იანი წილის მფლობელი, რომლის მმართველობაც გადავეცი. აღარ ვარ უნივერსიტეტში და არ ვერევი... თუ ასეთი მაგარი ტიპი ვარ, რომ კანონები ვცვალო, ძაან მაგარი ვყოფილვარ. არც ვიცნობ მარიამ ჯაშს, არც შევხვედრივარ და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თუ ასეთი მაგარი ტიპია, რომ კანონები ცვალოს, არ ვიცი, გაოცებული ვარ. ამხელა ძალაუფლება მე ნამდვილად არ მაქვს, რა თანამდებობაც არ უნდა მეკავოს, რომ ამ დონეზე... ჩემზე ეჭვები... თუ მოვხვდები ამ სიაში, რატო არ ვისარგებლებ? სიამოვნებით ვისარგებლებ ყველა კარგი პირობით, რაც იქნება შემოთავაზებული, ამაში ცუდი არაფერი არ არის", - ამბობს ეკა სუხიშვილი.

ტაბულას ინფორმაციით, ევრორეგიონულმა სასწავლო უნივერსიტეტმა ასევე ვერ მიიღო ვერც ერთ სტანდარტში დადებითი შეფასება. შეუსაბამობებია, მართვის, პროგრამების, პერსონალის და მატერიალური რესურსების ნაწილებში. დასკვნაში წერია, რომ ერსუ-ს სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებში არსებული პირობები, აღჭურვილობა და უსაფრთხოების დონე არ არის საკმარისი უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზაციისათვის. ასევე, სანიტარულ ქვედანაყოფებს შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, არის პრივატულობის პრობლემა და არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება, არ არის სავენტილაციო სისტემა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ავტორიზაციის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და ამის მიზანი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებისთვის ახალი სტანდარტების დასანერგად საკმარისი დროის მიცემა გახდა. გასული წელი მთლიანად დაეთმო ახალი სისტემის პილოტირებას, რომელსაც ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ. წელს 12 უმაღლესმა სწორედ ახალი სტანდარტით გაიარა ავტორიზაციის პროცესი წარმატებით.

ტაბულა დაუკავშირდა განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსაც, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნამდე ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ავტორიზაციის პირობების შეცვლას ემხრობა განათლების ახალი მინისტრი. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და სხვა თანამდებობის პირების გათავისუფლების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა თქვა ისიც, რომ უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესები დახვეწას საჭიროებს. მარიამ ჯაშის კანონპროექტის შესახებ სამინისტრო რომ საქმის კურსში იყო, ამას ადასტურებს ისიც, რომ კომიტეტის სხდომაზე ინიციატორ გენადი მარგველაშვილთან ერთად, ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებს უწყების წარმომადგენელიც პასუხობდა.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტებმა, რომლებიც უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას დაუშვებლად მიიჩნევენ. მათი თქმით, კანონპროექტი აზიანებს სისტემის განვითარებას და ეჭვს ბადებს, რომ ემსახურება იმ ცალკეული უნივერისტეტების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება.

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს პარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში განიხილავს. 25 სექტემბერს კი იგეგმება შეხვედრა, სადაც მარიამ ჯაში კანონპროექტს განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს.

კომენტარები