ჩეჩნეთი

ჩეჩნეთში ჰომოფობიურ ნიადაგზე ძალადობას კვლავ აპროტესტებენ. რას ყვებიან გადარჩენილები

TheWeek

"ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ თითო დარტყმაზე ყველა ძვალს გილეწავენ" "20-30 წამით გრძნობ ელექტროენერგიას, შემდეგ ეცემი, ჩერდებიან. როდესაც გონებაზე მოდიხარ, თავიდან იწყებენ. ეს 6-7-ჯერ მეორდება." "მათ იატაკზე დამაგდეს და მცემეს. ისინი სახეში და გულმკერდში ფეხებს მირტყამდნენ და თავს იატაკზე მარტყმევინებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: "ელექტროშოკამდე არ სცემოთ, თორემ ტკივილს ვეღარ იგრძნობს. ეს არ გვჭირდება." ისინი მოკვლით მემუქრებოდნენ, თუ სხვა გეების ვინაობას არ გავუმხდელდი." ყვებიან გადარჩენილები.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები კვლავ გამოხატავენ შეშფოთებას ჩეჩნეთში ჰომოფობიურ ნიადაგზე მიმდინარე ძალადობის გამო.

ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი კაცებისათვის საკონცენტრაციო ბანაკების შემნის შესახებ რუსული გამოცემა Novaya Gazeta გასული წლის აპრილში წერდა. გამოცემის მიხედვით, მაშინ მხოლოდ ერთ კვირაში 100 ჰომოსექსუალი კაცი დააკავეს და ამ ბანაკებში გადაიყვანეს, ხოლო მათგან სამი მოკლეს. დაკავებულთა შორის ცნობილი სატელევიზიო წამყვანები და რელიგიური ფიგურებიც იყვნენ.

ერთ-ერთი ბანაკი, სავარაუდოდ, ქალაქ არღუნში, ყოფილ სამხედრო ბაზაზეა.

გაზეთის მიხედვით ბანაკებში გადაყვანის შემდეგ მოქალაქეებს ჩეჩნეთის დატოვებას აიძულებენ. ისინი, ვინც საპატიმროებს თავი დააღწიეს ყვებიან, რომ პატარა ოთახში 30-40 ადამიანს ათავსებენ, ელექტროშოკით აწამებენ და სასტიკად სცემენ.

უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ჰომოფობიურ ნიადაგზე ძალადობას ამ დრომდე აპროტესტებენ. გასულ წელს რესპუბლიკას სისიხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველმა სამმა ფრანგულმა ჯგუფმა ჰომოსექსუალების მიმართ გენოციდის გამოც უჩივლა.

არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ პუტინის ახლო მოკავშირე, რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი თანამოქალაქეებს ჰომოსექსუალების არაკანონიერი გზებით დასჯის და მოკვლისკენაც კი მოუწოდებს.

"ისინი [ჩეჩნეთის ხელისუფლება] ეუბნებიან მშობლებს, რომ მათი შვილი მოკლან, თორემ ამას თავად იზამენ. ამას ნამუსის სისხლით გაწმენდას ეძახიან. ისინი აწამებდნენ კაცს 2 კვირის განმავლობაში, ამის შემდეგ ოჯახი დაიბარეს, უთხრეს - თქვენი შვილი ჰომოსექსუალია, გაუსწორდით ან ჩვენ მივხედავთ", - ამბობს ერთ-ერთი გადარჩენილი France24-თან ინტერვიუში.

კადიროვი მედიასთან ირწმუნებოდა, რომ ჩეჩნეთში გეი მამაკაცები არ არიან და დაკავებებს უარყოფდა. მისი თქმით მსგავს ადამიანებს საკუთარი ოჯახები დახოცავდნენ.

რამზან კადიროვმა თქვა: „თუ არიან (ჩეჩნეთში გეი მამაკაცები), წაიყვანეთ ისინი კანადაში.“

კანადამ მართლაც მისცა თავშესაფარი ჩეჩნეთიდან გამოქცეულ გეი და ბისექსუალ პირებს.

კომენტარები