აშშ

კავანოს მოწინააღმდეგეთა აქციაზე 302 ქალი, მათ შორის ემი შუმერი და ემილი რატაკოვსკი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატად წამოყენებული ბრეტ კავანოს წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 302 ქალი დააკავეს. მათ შორის არიან კომიკოსი ემი შუმერი და მოდელი ემილი რატაკოვსკი. პოლიციამ ის მომიტინგეები დააკავა, რომლებმაც სენატის შენობის დატოვების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. აქცია გაიმართა ნიუ იორკში მდებარე Trump Tower-ის წინაც.

პროტესტი სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ჩაკ გრასლის განცხადებას მოჰყვა, რომელის მიხედვითაც, გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნით კავანო, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში 3 ქალი სდებს ბრალს, უდანაშაულოა.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ გამოძიება არასრული იყო და ამის მიზეზად თეთრი სახლის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ ბრეტ კავანოს კანდიდატურას სენატის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა, თუმცა, რამდენიმე რესპუბლიკელმა წევრმა მას ხმა მხოლოდ იმ პირობით მისცა, რომ სენატში განხილვამდე FBI სექსუალური შევიწროების ბრალდებებზე გამოძიებას ჩაატარებდა.

სენატი კავანოს კანდიდატურას დღეს განიხილავს, ხოლო საბოლოო კენჭისყრა შაბათს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პროფესორი კრისტინა ფორდი კავანოს 1980-იან წლებში, როდესაც ის 15, ხოლო კავანო 17 წლის იყო, მასზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მან სენატის კომიტეტის წინაშე ჩვენება გასულ ხუთშაბათს მისცა.

დებორა რამირეზის თქმით 1983-4 წლებში იელის უნივერსიტეტსი კავანოსთან ერთად სწავლობდა და მას ერთ-ერთ წვეულებაზე ეგზიბიციონიზმში ადანაშაულებს.

კავანო ბრალდებებს უარყოფს. თეთრი სახლის სპიკერის თქმით დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კვლავ მხარს უჭერს მათ მიერ ნომინირებულ კანდიდატს და ეს ბრალდებები დემოკრატიული პარტიის მიერ კავანოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.

უზენაესი სასამართლო 9 მოსამართლისაგან შედგება, რომლებსაც უვადოდ ამტკიცებენ. კანდიდატს მხარი ჯერ სენატის იურიდიულმა კომიტეტმა, შემდეგ კი მთელმა სენატმა უნდა დაუჭიროს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები