ნარკოდანაშაული

შსს: ბოლო 11 თვეში, ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 192 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის ათამდე პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1977 წელს დაბადებული ზ.გ-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 6800 აბი „ექსტაზი“, 1 კილოგრამი „ჰაშიში“, "კოკაინი“ და „LSD“ ფირფიტები. 

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებისას შეაჩერეს ავტომანქანა. მგზავრების პირადი ჩხრეკისას, ფეხსაცმელების ძირებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 1 კილომდე ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 180 გრამ ჰეროინს შეიცავს.

ასევე, შსს-ს ცნობით, ფონიჭალის დასახლებაში - 3, თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს. 

"სამართალდამცველებმა, სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისგან საკონტროლო შესყიდვები და ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერები განახორციელეს. პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია ჰეროინი. აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. 

"პოლიციამ, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 40 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და სხვადასხვა ვალუტა ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი 4 ავტომობილი" - განაცხადეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 192 პირი, მათ შორის, 13 ქალი და 179 მამაკაცი.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების შიგნითაც აქტიურად ებრძვის ნარკოდანაშაულს. მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა პოლიციის 7 თანამშრომელი" - აცხადებს უწყება.

კომენტარები