MMA

ხაბიბმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ თავის საქციელს ამართლებს

JOHN LOCHER/AP

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეორის დამარცხების შემდეგ ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობენ მის არასწორ საქციელზე მაშინ, როცა ირლანდიელი "მის რელიგიას შეეხო". 

"პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოუვხადო "ნევადის ათლეტთა კომისიას, ბოდიში ვეგასს. მე ვიცი, რომ ეს ჩემი საუკეთესო მხარე არ არის. მე ადამიანი ვარ.

არ მესმის, რატომ საუბრობენ იმაზე, რომ მე ბადეს გადავახტი. მაგრამ რას იტყვით იმაზე, რომ ის [მაკგრეგორი] ჩემს რელიგიაზე საუბრობდა? მან ილაპარაკა ჩემს რელიგიაზე, ჩემს ქვეყანაზე, მამაჩემზე. ჩამოვიდა ბრუკლინში და ავტობუსი დაამტვრია. კინაღამ რამდენიმე ადამიანი მოკლა, რას იტყვით ამაზე?

არ მესმის, რატომ საუბრობთ იმაზე, რომ ბადეს გადავახტი. მამაჩემი მასწავლიდა, რომ სხვებს ყოველთვის პატივისცემით მოვექცე. მთელი ჩემმა გუნდმა, სადაც მე ვვარჯიშობ, კალიფორნიაში, უკვე 7 წელია, ყველა მიცნობს და იცის, მე ვინ ვარ", - თქვა ხაბიბ ნურმაგომედოვმა

ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ხაბიბმა მაკგრეგორი დაამარცხა, დარბაზში არეულობა იყო. გამარჯვების შემდეგ ხაბიბის ერთ-ერთი გულშემატკივარი რინგზე ავიდა და მაკგრეგორს დაარტყა. დაცვის სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციელებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ ვითარებაზე კონტროლის მოსაპოვებლად, ამის შემდეგ მაკგრეგორმა რინგი სწორედ სამართალდამცველების დახმარებით დატოვა. მოგვიანებით UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა თქვა, რომ ნურმაგომედოვის მხარდამჭერი სამი ადამიანი დაკავებულია. 

დანა უაითმა ხაბიბს არც გამარჯვებულის ქამარი გადასცა, ვინაიდან, მისი აზრით, ეს მაკგრეგორის გულშემატკივრების გაღიზიანებას გამოიწვევდა. 

მაკგრეგორი აპრილში თავადაც დაესხა თავს ავტობუსს, რომელსაც დაღესტნელი სპორტსმენი გადაჰყავდა - მან შუშები ქვებით დაამსხვრია. 

ხაბიბის გულშემატკივრები ტვიტერზე წერენ, რომ მაკგრეგორმა ეს ხაბიბის რელიგიის შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა. 

როგორ ვითარდებოდა მოვლენები დარბაზში - ნახეთ აქ

კომენტარები