ხორავას ქუჩის საქმე

ივანიშვილი: კომისიამაც ვერ აჩვენა, რომ ხელისუფლებას ვინმესთვის ხელის დაფარება სურდა

ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ "ვერაფერი მინიშნება ვერ გააკეთა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი, ვიღაცისთვის ხელი დაეფარებინა, ან რაღაც დაემალა".

სამი ტელევიზიის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს, ბიძინა ივანიშვილმა "უზნეობა" უწოდა ხორავას ქუჩის მკვლელობის და სანდრო გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელის გავლებას.

"სახელმწიფოს არავითარი სურვილი არსად არ იკვეთება, რომ დღევანდელ სახელმწიფოს და დღევანდელ ხელისუფლებას რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ მკვლელობაში და იმ კომისიამაც ვერაფერი მსგავსი ვერ აჩვენა. სახელმწიფოს და დღევანდელი ხელისუფლების ინტერესია ერთადერთი, რომ ეს გამოძიება იყოს რაც შეიძლება სწორად წარმართული და დროში დასრულებული. და დროში დასრულებული არაა ჯერ, რადგან სასამართლო მიმდინარეობს.

საგამოძიებო კომისიამაც ვერაფერი მინიშნება ვერ გააკეთა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი, ვიღაცისთვის ხელი დაეფარებინა, ან რაღაც დაემალა" - თქვა ივანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა, საუბარია გამოძიების დროს, მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ გამოკვეთილ აშკარა მიკერძოებაზე. კომისიის რეკომენდაციებია, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო. ასევე, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - სამსახურებრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის. გარდა ამისა, კომისის რეკომენდაციაა, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები.

საგამოძიებო კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს მხარი არ დაუჭირა "ქართულმა ოცნებამ". სანაცვლოდ, მათ მიიღეს დადგენილება, რომელიც არ წარმოადგენდა საგამოძიებო კომისიის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს. 

კომენტარები