არჩევნები 2018

"როცა დაგიბარებთ მაშინ" - სალომე ზურაბიშვილი კომენტარს არ აკეთებს

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ჟურნალისტების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის სახლთან მივიდა, თუმცა ცესკო-ს შედეგების შემდეგ, მას მედიასთან საუბარი არ სურს.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს რას ფიქრობს არჩევნების შედეგებზე, მეორე ტურზე და შესაძლოა თუ არა, მოხსნას კანდიდატურა. კითხვები ეხებოდა მის საარჩევნო შტაბში გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიებისთვის სამზადისსაც, თუმცა საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ განცხადებას მაშინ გააკეთებს, როცა მედიას დაიბარებს: "როცა დაგიბარებთ, მაშინ", "ისაუბრეთ თქვენს შორის, საინტერესოა", "როცა დავაპირებ, გეტყვით".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავდნენ. თავად ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ ეს გამარჯვების წინაპირობაა, მაგრამ ცესკო-ს შედეგებს უნდა დაველოდოთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით კი, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება.

კომენტარები