Freedom House-ის ანგარიში

ბირჟა მაფია და აიისა - ინტერნეტ-თავისუფლების რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

Freedom House-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტის რეიტინგი ერთი ქულით გაუარესდა - საქართველო 100-დან 25-ე ადგილზეა. ერთი წლის წინ საქართველო 24-ე ადგილს იკავებდა. 

კვლევაში 2017 წლის 1-ლი ივნისიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდი არის შეფასებული. 

რეიტინგის გაუარესების მიზეზი მათ შორის პრეზერვატივების კომპანია "აიისას"-სთვის ზოგიერთი შეფუთვის გამოყენების აკრძალვა, ასევე "ბირჟა მაფიას" საქმეა. 

Freedom House მიგნებებში აღნიშნავს, რომ 2017 წლის ოქტომბერში საქართველომ კონსტიტუციაში ინტერნეტთან წვდომაც ჩაწერა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება. 

ასევე ნათქვამია, რომ მთავრობამ გაზარდა ინტერნეტ-მმართველობის სერვისები, შექმნა ონლაინ პეტიციის სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, პირდაპირ ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ორგანიზაცია მედიის თავისუფლების კუთხით აფგან მუხთარლის საქმეზეც საუბრობს. 

"საანგარიშო პერიოდში ინტერნეტი თავისუფალი იყო, თუმცა, ორმა შემთხვევამ რეპერების დუეტისა და პრეზერვატივების კომპანიის მიმართ, ასევე ჟურნალისტის გატაცებამ, რომელიც, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან კავშირშია, ხარვეზები აჩვენა. 

აიისას საქმე 
 

საანგარიშო პერიოდში, 2018 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია 500 ლარით დააჯარიმა, მათი თქმით "არაეთიკური" შეფუთვისა და სარეკლამო პოსტერისთვის. სასამართლომ კომპანიას პროდუქტის ამ შეფუთვით გაყიდვა და რეკლამირება აუკრძალა, მათ შორის ფეისბუქის რეკლამებიც. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზერვატივები შეურაცხყოფს ადამიანთა ზოგიერთი ჯგუფის, უმეტესად მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს. კომპანიამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

ბირჟა მაფიას საქმე
 

Freedom House წერს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, თავისუფლად გამოხატონ აზრი ინტერნეტის საშუალებით, სამართლებრივი დევნის შიშის გარეშე. ხელისუფლება პერიოდულად იძიებს საქმეებს, როდესაც ინტერნეტის მომხმარებლები სხვებს ძალადობით ემუქრებიან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამბობენ, რომ მხოლოდ მათი ძალა შეიძლება არაპროპორციული იყოს. 

თუმცა, 2017 წლის ივნისში, რეპერთა დუეტი "ბირჟა მაფია" დააკავეს ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით. თუმცა, რეპერები და მათი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ ბრალდება ფალსიფიცირებული იყო და ნარკოტიკები მხოლოდ მათ დასაკავებლად გამოიყენეს. რეალური მიზეზი კი ვიდეო გახდა, რომელშიც ისინი პოლიციელს დასცინოდნენ და გამოყვანილი ჰყავდათ, როგორც ძაღლი. თბილისში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, 12 ივნისს, დაკავებულები გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა, პარალელურად, ვიდეო იუთუბიდან წაიშალა და მოგვიანებით გამოჩნდა, თუმცა, პოლიციელის სახე დაფარული იყო. 

რამდენიმე თვის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა და რეპერები უდანაშაულოდ სცნო. თუმცა, საგამოძიებო მედიამ, სტუდია მონიტორმა მოამზადა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ რეპერების გათავისუფლების შემდეგ არცერთი პოლიციელს არ უგია პასუხი მათთვის ნარკოტიკების ჩადების გამო. 

მედია, მრავალფეროვნება და შინაარსით მანიპულაცია
 

Freedom House წერს, რომ საქართველოში მედია გარემოს მრავალფეროვნება იზრდება და შინაარსიც მრავალმხრივია და ყველა თემას მოიცავს. თუმცა, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა და მედიის განვითარების ფონდის ანგარიშების მიხედვით, გაზრდილია იმ ონლაინ მედიების რიცხვი, რომლებიც ​აფილირებულები არიან პოლიტიკურ პარტიებთან და მიკერძოებულები არიან მათ სასარგებლოდ, არაფორმალურად ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. ისინი დომინირებენ ონლაინ ბაზარზე და სხვა აუთლეტებისთვის რთულია რეკლამების დამკვეთების მოზიდვა. ისევე, როგორც წინა წლებში, მთავრობა აგრძელებს ზოგიერთი მედიის დაფინანსებას კონტრაქტების მეშვეობით. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია რუსეთთან და ანტი-დასავლურ დღის წესრიგს ავრცელებს. 

ანგარიშში ასევე წერია, რომ 2018 წლის ივნისის ანტი-სამთავრობო აქციების დროს, შეიქმნა უამრავი საიტი, ტროლი და ბოტი, რომლებიც დაფინასნებულები იყვნენ და მთავრობის სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებდნენ. 

ონლაინ აქტივიზმი 
 

Freedom House-ის ანგარიშში წერია, რომ საანგარიშო პერიოდში ონლაინ პლატფორმები, განსაკუთრებით კი ფეისბუქი აქტიურად გამოიყენებოდა საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის, მათ შორის, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და 2 მოზარდის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით ჩატარებულ აქციებზე. 2 მოზარდის მკვლელობის საქმეზე ამ გზით აქტიურობამ 2018 წლის მაისში მთავარი პროკურორის გადადგომაც განაპირობა. 

ასევე, ანგარიშში წერია, რომ 2017 წლის მარტში აქტივისტებმა დაიწყეს კამპანია "ეს შენ გეხება", რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა. კამპანიის ფარგლებში ერთ კვირაში დაახლოებით 300 ხელმოწერა შეგროვდა, რომელთა სახელითაც აქტივისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.

კომენტარები