არჩევნები 2018

უგულავა ივანიშვილს: ძალადობის გარეშე ჩაატარეთ მეორე ტური და შეეგუეთ იმ შედეგს, რაც დადგება

გიგი უგულავა
ტაბულა

ჩვენ დღეს ვიხილეთ გაბანკროტებული და სასოწარკვეთილი ლიდერის გამოსვლა - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ მიმართვას. უგულავას თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიუჯეტის ფულით გეგმავს ხალხის მოსყიდვას. 

"ხალხის მოთხოვნა არის სარალიძის მკვლელების და იმ მაღალჩინოსნების დასჯა, რომლებმაც მკვლელებს ხელი დააფარეს. ხალხის მოთხოვნა არის, გათავხედებული ჩინოვნიკების ალაგმვა, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდება. ხალხის მოთხოვნა არის ფორმალური წარმონაქმნების და ისეთი ბიზნეს სუბიექტების ალაგმვა, როგორიც არის ფარცხალაძე და არა მარტო ის" - ამბობს უგულავა.

მან განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან კოჰაბიტაცია შეცდომაა, უტიფარი უწოდა. 

"ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უტიფარი განცხადება, რომ თურმე მთავარი შეცდომა ქართული ოცნების ყოფილა, ის რომ მათ კოჰაბიტაცია დაუშვეს პოლიტიკურ ოპონენტებთან, შეგახსენებთ, კოჰაბიტაცია ქართულად ნიშნავს თანაარსებობას. 6 წლისთავზე "ქართული ოცნება" მთავარ შეცდომად მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს კიდე უფრო მეტი სისასტიკით არ გაუსწორდნენ და არ ამოძირკვეს. გამოსავალი ესეთ ვითარებაში არის მხოლოდ ერთი და მე პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო - ძალადობის გარეშე ჩაატარეთ მეორე ტური და შეეგუეთ იმ შედეგს, რა შედეგიც დადგება. ახლავე უნდა დაიწყოს "ქართულმა ოცნებამ" ფიქრი და ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონდე ხელისუფლება, რომელიც აი, ამ პოლიტიკური ჩიხიდან და ჭაობიდან გამოიყვანს ჩვენს მოსახლეობას"- აღნიშნა გიგი უგულავამ. 

ივანიშვილმა ვიდეომიმართვა დღეს გაავრცელა, სადაც ქართველ ხალხს ჰპირდება, რომ - "ერთ წელიწადში გავასწორებ მართვის ყველა ხარვეზს და მთელი ჩემს რესურსს გამოვიყენებ, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს". 

წუხელ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია იყო შეცდომა და ეს არჩევნებზე, მათ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.

კომენტარები