გარყვნილი ქმედება

საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ 15 წლის გოგოსთვის არ მიუწერია

ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც შესაძლოა 15 წლის გოგოს წერდა, ამბობს, რომ მესიჯის ავტორი თვითონ არ არის. საუბარია მიმოწერაზე, რომელიც ფეისბუქზე 4 ნოემბერს გავრცელდა და სადაც 15 წლის გოგოს წერენ - "პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე".

ტაბულა დეპუტატს დაუკავშირდა, რომელსაც მედიასთან საუბარი არ სურს. კითხვაზე, ეკუთვნოდა თუ არა გავრცელებული მესიჯები მას, "ქართული ოცნების" წევრი უარყოფითად პასუხობს.

ტაბულა: თქვენი იყო ის წერილი, რაც გავრცელდა?

დეპუტატი: არა

ტაბულა: საერთოდ არ მიგიწერიათ თქვენ?

დეპუტატი: არა

ტაბულა: დავაზუსტებთ, თქვენ არ მიგიწერიათ თუ თქვენი მიწერილია კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელებული?

დეპუტატი: მეტს ვერაფერს გიპასუხებთ. რა უნდა დააზუსტოთ, ვერ გიპასუხებ ვერაფერზე, გამოძიება მიდის და გამოიძიებენ ყველაფერს.

---

"პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე" - ეს მესიჯი 15 წლის გოგოს სავარაუდოდ, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გაუგზავნა.

შესაბამისი ფოტო ფეისბუქზე 4 ნოემბერს გავრცელდა. მიმოწერაში ჩანს, რომ კონკრეტული პირი არასრულწლოვნის სახელით ინტერესდება, პასუხის შემდეგ კი ასაკს ეკითხება. მას შემდეგ, რაც მოზარდი მას წერს, რომ 15 წლისაა, ის პასუხობს - "პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე".

სქრინში მესიჯის ავტორის მხოლოდ სახელი და სახე ჩანს, თუმცა მოგვიანებით მისი ვინაობის შესახებაც გახდა ცნობილი. ამ ადამიანს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უწერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია. ტაბულამ გადაამოწმა ინფორმაცია და ადამიანი ანალოგიური სახელით და გვარით 2017 წლიდან საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატია.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანთან მიმოწერა სოციალურ ქსელში გავრცელდა, მან ფეისბუქის გვერდი გააუქმა.

უცნობია ისიც, ვინ არის არასრულწლოვანი, რომელსაც ეს მესიჯი გაუგზავნეს. გარდა ამისა, ამ ეტაპზე არ არსებობს მიმოწერის ავთენტურობის შესახებ ინფორმაციაც.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ეს ეს ადამიანი მოწმის სახით უკვე გამოკითხეს. თუმცა რა თქვა საკრებულოს დეპუტატმა, უცნობია.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ინტერნეტში გავრცელებული მასალის საფუძველზე დაიწყო და ამ ეტაპზე ადრესატის ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ადამიანი შსს-ს თანამშრომელი არც ყოფილა და არც ახლა არის.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოწმის სახით გამოკითხვები და მიმოწერის ნამდვილობას გამოძიება დაადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სრულწლოვანის მხრიდან 16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

კომენტარები