10 ნოემბერს, თბილისში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება

თბილისის მერია

თბილისის მერის ინფორმაციით, დედაქალაქში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება. კახა კალაძის თქმით, 150-მდე ქართველი მუსიკოსი 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და დედაენის ბაღში დაუკრავს.  

"ქუჩის მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსები თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, 15:00-დან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელთაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება უნდა მივცეთ. ამ მიმართულებით, თბილისის მერიის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ თქვა, რომ "ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს". მისი თქმით, "უხარისხო ქუჩის მუსიკა ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს".

მას შემდეგ, რაც ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელის ამ განცხადებას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა, სერგი გვარჯალაძემ უარყო თავისი სიტყვები და თქვა, რომ მერია ქუჩის მუსიკოსებს მხოლოდ სპეციალურ გაერთიანებაში დარეგისტრირების საშუალებას მისცემს. 

სერგი გვარჯალაძის განცხადება კახა კალაძემაც უარყო და თქვა, რომ მერია არავითარ სანქციებს არ შემოიღებს ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, პირიქით, დედაქალაქის მთავრობა ამ ადამიანებს მხარდაჭერას აღუთქვამს. სწორედ მაშინ დააანონსეს ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღანელმა და თბილისის მერმა ქუჩის მუსიკოსების ფესტივალის გამართვა.

კომენტარები