ევროპარლამენტი

ბახტაძე: ეფექტური მუშაობით, ევროპარლამენტში საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყანად შეფასდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, დღეს, ბრიფინგი გამართა და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის შეფასებებს გამოეხმაურა.

ბახტაძემ საქართველოს მოსახლეობას და ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ხელისუფლების სტიმული და წარმატების საწინდარი, ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. 

"ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენი ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად, ევროპარლამენტის პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით, შეფასდა როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა. მინდა ხაზი გავუსვა, შეფასდა როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე განხორციელებული რეფორმების უწყვეტ კურსს და მის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას. ასევე, ასოცირების შეთანხმების განვითარებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც ევროპარლამენტარების განცხადების თანახმად, ქვეყანა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად წარმოაჩინა. ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს სამაგალითო გახდა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით. რომ ჩვენს ქვეყანაში არის მდგრადი დემოკრატია, ხოლო ეკონომიკური რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. სხვათა შორის იგივეს ადასტურებს, უახლოეს რამდენიმე დღის უკან გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის საერთაშორისო რეიტინგი. მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს როგორც ევროინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანას, ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს ",- ამბობს ბახტაძე. 

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 13 ნოემბერს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.  

ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურისა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრების საფუძველზე.

ანგარიში დადებითად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას არსებული პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებს, რომლებიც შრომით უფლებებს, გარემოს დაცვას, მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციას ეხება. 

ევროპარლამენტის მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს რეფორმების პროცესში დაეხმაროს. 

კომენტარები