გახარია: გორში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი 2004 წელს გატაცებულ ბავშვს ეხება

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ ორი დღის განმავლობაში გორში მიმდინარე სამძებრო სამუშაოები 2004 წელს გაუჩინარებული ბავშვის საქმეს უკავშირდება.

მისი თქმით, ასევე გორში, 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე საგამოძიებო ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას.

"გორში ჩატარდა სპეციალური საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც იაგო ნებიერიძეც იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტი ეხება შემთხვევას, რომელიც მოხდა 2004 წელს. ეს არის ის, რისი თქმაც მე დღეს შემიძლია და სხვა არანაირი სტატუსი ან ვინმე სხვა პირს ან იაგო ნებიერიძეს ამ მომენტისთვის ამ თემასთან დაკავშირებით არ აქვს", - ამბობს შს მინისტრი.

გორის ერთ-ერთ პარკში სამძებრო ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხვადასხვა მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ გორში 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს წლების წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედრის ადგილსამყოფელი უთხრა.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს, გორში 9 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ეძებდა, მოკლული იპოვეს. 

შსს-ს ინფორმაციით ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. გოგო სახლიდან დღის პირველ ნახევარში ცეკვაზე წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. თვითმხილველების თქმით, ცხედარს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული და თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული.

ბრალდებული პოლიციამ იმავე ღამეს დააკავა. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია. როგორც შემდეგ გაირკვა, ის 2004 წელს 11 წლის ბიჭის გაუჩინარებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალი ვერ დაუმტკიცდა და მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის მოიხადა სასჯელი. გარდა ამისა, ნებიერიძე ნასამრთლევია ყაჩაღობისთვისაც.

2004 წელს დაკარგული 11 წლის ბიჭი დღემდე გაუჩინარებულია.

კომენტარები