ვალების განულება

აუდიტი ვალების განულების ინიციატივას არ შეისწავლის - "ჩვენს კომპეტენციას სცილდება"

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბანკის ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას არ შეისწავლიან. უწყება ამას იმით ხნის, რომ საუბარია დიდ თანხაზე და ეს მათ კომპეტენციას სცილდება.

​"ჩვენს კომპეტენციას და ჩვენს მანდატს სცილდება მსგავსი საკითხის შესწავლა", - უთხრეს ტაბულას აუდიტის სამსახურის პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ვალების განულების შესახებ მთავრობის ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვაა. ამის შესახებ ტაბულას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "სამართლიანი არჩევნები" ესაუბრა.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა".

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით კი, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ ფარავს. 

"ძირი და ჯარიმები, ყველაფერი არის მილიარდნახევარ ლარამდე და ამ თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი ქართუ. ყველანაირი სპეკულაცია, რომ ბიუჯეტის გადამხდელის ფულით, ერთი პატიოსანი გადამხდელის ფულით მაინც ხდება იმის სესხის გადახდა, ვინც არ გადაიხადა, არის სპეკულაციები. " - თქვა მაჭავარიანმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. ვაშაძის განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და თქვა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს პრემიერი ინიციატივას წარადგენდა და მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს".

კომენტარები