დედა ენა

"ოცნების" ინიციატივა - სამინისტრო "დედა ენის" იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს დაბეჭდავს

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატების ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივა "დედა ენის" ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს.

ინიციატივის მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, "დედა ენის" იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

"საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, დედა ენა, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ ამ წიგნით.

დედა ენა - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი, გარდა იმისა, რომ არის საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ასევე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შეტანილი როგორც ნომინაციის - "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი" - აცხადებს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური და განმარტავს, რომ საერთაშორისო კონვენცია ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას.

"ეს, კონვენციის შესაბამისად, გულისხმობს ზომების მიღებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად - მათ შორის, მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენარჩუნებას, დაცვას, პოპულარიზაციას, მისი როლის ამაღლებასა და მის გადაცემას უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას, რაც დედა ენა - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში" - ნათქვამია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორი კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ "დედა ენის“ სახელმძღვანელოს სკოლებში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა. განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მასში "ყველა დაინტერესებული მხარეა" ჩართული.

კომენტარები