არჩვნები 2018

ბახტაძე: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა და საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით ექსცესებმა და პროვოკაციებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა ვერ მოახდინა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები პოზიტიური იყო:

"ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა არჩევნების თაივისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია და ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებს და პროვოკაციებს, ამან არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები. როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს დასკვნაში საუბარი არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორის დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ნეგატიურ კამპანიაზე, ხისტ რიტორიკასა და ძალადობრივ ინციდენტებზე.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, წინასაარჩევნოდ, 600 000 მოქალაქისთვის სესხის განულების დაპირება შესაძლოა გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ერთობლივ ანგარიშში წერია, რომ მათი დამკვირვებლების თვალთახედვის არეში მოექცა "საყოველთაოდ გავრცელებული ძალზედ აგრესიული და ძალადობრივი რიტორიკა". მათი თქმით, ეს რიტორიკა ისმის სატელევიზიო გადაცემებში, სოციალურ ქსელებსა და დემონსტრაციების დროს. ასევე, ჩანს პარტიის მაღალჩინოსანი წევრებისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ გაკეთებული ცალკეულ განცხადებებში.

სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტურ გარემოში ჩატარდა, ერთი მხარე "საფუძველს მოკლებული უპირატესობით" სარგებლობდა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ერთობლივ ანგარიშში წერია, რომ "ორივე მხარის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის უარყოფითი ხასიათი საფრთხის ქვეშ აყენებდა ზოგადად მთელ საარჩევნო პროცესს". საერთაშორისო მისია აღნიშნავს, რომ მეორე ტურამდე ჩატარებული საჯარო დემონსტრაციები წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი იყო და ფართოდ გამოიყენებოდა ნეგატიური კამპანიის საწარმოებლად.

კომენტარები