არჩევნები 2018

ვოლსკი: სახ. დეპ.-ის განცხადება არჩევნებზე, სიგნალია, რომ პროცესი უფრო უნდა დაიხვეწოს

ტაბულა

"სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სიგნალია, რომ პროცესი უფრო უნდა დაიხვეწოს" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეხმაურება. ვოლსკი ამბობს, რომ არჩევნებზე გარკვეულ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, თუმცა ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. 

"სახელმწიფო დეპარტამენტს შენიშვნები გააჩნია. ასევე, შენიშვნები გაჩნია სადამკვირვებლო მისიებს, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვაგონებ ჩვენს მოსახლეობას, რომ 3700 საარჩევნო უბანი იყო და რამდენიმეზე რასაკვირველია, მოხდა გარკვეული გადაცდომა, თუმცა მთლიანობაში ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამას არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია. განცხადება სიგნალია, რომ პროცესი უფრო უნდა დაიხვეწოს. რაც შეეხება, პოლიტიკურ ველზე, ჩვენი საქმიანობის ამ ნაწილს, რომელიც შეეხება არჩვენებს, ზოგადად პოლიტიკური პარტიების ურთიერთობებს, მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრია ამ მიმართებით გამოსასწორებელი, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ სახელისუფლებო რგოლს. მე შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ პოლიტიკური კულტურა, რომელიც საქართველოს დღესდღეობით გააჩნია, საერთაშორისო სტანდარტს ჩამორჩება, თუმცა საზოგადოება სწორ დასკვნებს აკეთებს. ოპოზიცია თავისი პოლიტიკური სახის შესახებ უნდა დაფიქრდეს." - ამბობს ვოლსკი.

NATO-ს მინისტერიალის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მინისტერიალის ფარგლებში განხილული საკითხები შეაჯამა, მათ შორის საქართველოს საკითხი და თქვა, "შეშფოთებას გამოვთქვამთ მრავალი დარღვევის გამო, რაც ამ არჩევნებში ვნახეთ."

კომენტარები