ბულინგის პრობლემა სკოლაში

თანაკლასელის დაჩაგვრის გამო, ოჰაიოში ცივ ამინდში მამამ შვილი სკოლაში ფეხით გაუშვა

0 კომენტარი
ფოტო: Matt Cox/Facebook

ოჰაიოს შტატში მამამ გადაწყვიტა, შვილი თანაკლასელების ბულინგის გამო დაესაჯა და 8 კილომეტრის დაშორებით მდებარე სკოლაში ცივ ამინდში ფეხით გაეშვა. მამაკაცის ქცევამ ძალიან დიდი კამათი გამოიწვია. 

მას შემდეგ, რაც 10 წლის კრისტენს სკოლის ავტობუსით მგზავრობა 3 დღით აეკრძალა, რადგან მეორედ დააბულინგა თავისი თანასკოლელი, მეთ კოქსმა გადაწყვიტა, მისთვის ცხოვრებისეული გაკვეთილი ესწავლებინა. მან გოგონა აიძულა ფეხით წასულიყო სკოლაში, თავად კი უკან მანქანის ნელი სვლით გაყვა. 

მამის მიერ შვილის დასჯის ვიდეოს Facebook-ზე უკვე 15 მილიონი ნახვა და ათასობით კომენტარი აქვს. ვიდეოში ჩანს, როგორ მიყვება კოქსი თავის შვილს სკოლისკენ მიმავალ გზაზე და თან ბულინგთან დაკავშირებით საუბრობს.

"ბულინგი მიუღებელია. ეს არის ჩემს ოჯახში ბულინგთან ბრძოლის ჩემ მიერ შემოღებული საშუალება,"- ამბობს მეთ კოქსი. 

კოქსი ამატებს, რომ ძალიან ბევრი ბავშვია მოკლებული ისეთ პრივილეგიებს, როგორიცაა სკოლაში მანქანით ან ავტობუსით სიარული. 

"ვიცი, რომ ბევრი მშობელი არ დაეთანხმება დასჯის ამ მეთოდს და ეს ჩემთვის გასაგებია. მე ვაკეთებ იმას, რაც სწორი მგონია იმისათვის, რომ ჩემს შვილს მივცე გაკვეთილი და მან შეწყვიტოს სხვების ბულინგი,"- ამბობს კოქსი BBC-ისთან საუბრისას. 

მას შემდეგ, რაც 10 წლის კრისტენს 3-დღიანი სასჯელი მოეხსნა, WTVG News-თან საუბრისას თქვა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარ თავზე გამოსცადა ბულინგი, ახლა უკვე იცის, როგორ იყოს კეთილი ადამიანების მიმართ. 

Facebook-ზე დაწერილი კომენტარების ავტორების უმეტესობა მეთ კოქსს შვილისთვის გაკვეთილის სწავლის მეთოდს უწონებს. 

"როგორც იმ აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის ბაბუა, რომელსაც სამეზობლოში სხვა ბავშვები მუდმივად ჩაგრავენ, ტაშს გიკრავ! მშობლების უმეტესობა არაფერს აკეთებს,"- წერს კომენტარებში Facebook-ის ერთერთი მომხმარებელი. 

თუმცა, ამ დადებითი კომენტარების გარდა, ძალიან ბევრმა გააკრიტიკა მეთ კოქსი. ისინი წერდნენ, რომ ამ სადამსჯელო ვიდეოს Facebook-ზე გამოქვეყნებით, გოგონა თავად გახდა ჩაგვრის მსხვერპლი საკუთარი მამისგან. რამდენიმე მომხმარებელმა დაწერა, რომ თუკი მეთ კოქსს დასჯის მსგავსი საჯარო შერცხვენის სტრატეგიები აქვს, მაშინ გასაკვირი არ არის, რომ მისი 10 წლის შვილი თავად ჩაგრავს სხვა ადამიანებს. 

ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი დოროთი ესპალაჟი, რომელიც ფსიქოლოგი მკვლევარი და მოზარდებში ბულინგის ექსპერტია, BBC-ისთან საუბრისას ამბობს, რომ როგორც წესი, მჩაგვრელი ბავშვების მშობლების უმეტესობა არ აღიარებს, რომ მათი შვილი არასწორად იქცევა. 

"ასე რომ, რაღაც მხრივ, ეს მამა სწორად იქცევა, როდესაც აღიარებს და იღებს საკუთარი შვილის ქცევას,"- ამბობს ის. 

თუმცა, ამავდროულად პროფესორი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში ფეხით სიარულის ნაცვლად, მამას შეეძლო, დასჯის სხვა მეთოდი მოეფიქრებინა. 

"მე, ისევე, როგორც ვიდეოზე კომენტარების ავტორების უმეტესობას, მინდა, მეტი ვიცოდე ამ კონკრეტული ბულინგის ფაქტზე, იმაზე, თუ როგორ დაიწყო ეს ყოველივე,"- ამბობს პროფესორი. 

მეთ კოქსმა News 5 Cleveland-თან საუბრისას თქვა, რომ კრისტენსა და თავის კიდევ ორ შვილს გამოქვეყნებული ვიდეო და მასზე დაწერილი კომენტარები აჩვენა. კოქსი ამბობს, რომ სამივე შვილი ძალიან ემპათიურად არის განწყობილი ყველა იმ ისტორიის მიმართ, სადაც კომენტარების ავტორები ბულინგის საკუთარ გამოცდილებაზე ყვებოდნენ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები