საქართველოს პრეზიდენტი

როგორ იყენებდა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებებს

საქართველოს მე-4 პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, წინამორბედებისგან განსხვავებით, მკვეთრად შემცირებული კონსტიტუციური უფლებები ჰქონდა.

საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი საპრეზიდენტო ვადა, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება არ იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურობა - მას შემაკავებლის, დამაბალანსებლის ახალი კონსტიტუციური როლი უნდა შეეთავსებინა.

2010 წელს შეცვლილი კონსტიტუციის საფუძველზე, გიორგი მარგველაშვლის უფლებამოსილებები რამდენიმე კომპეტენციით შემოიფარგლა:

  • კონსტიტუციით გათვალისწინებული თანამდებობის პირების დასანიშნად წარდგენა;
  • უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების წარდგება;
  • კანონების ხელმოწერა და ვეტოს უფლება;
  • რეფერენდუმის დანიშვნა;
  • საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება;
  • შეწყალება.

გიორგი მარგველაშვილისთვის უფლებამოსილების ასეთი ფარგლები გარკვეულწილად გამოწვევა აღმოჩნდა.  

ტაბულა შეეცადა კონსტიტუციონალისტებთან, გიორგი მშვენიერაძესთან და დავით ზედელაშვილთან, ერთად შეეფასებინა, იყენებდა თუ არა სწორად გიორგი მარგველაშვილი თავის კონსტიტუციურ უფლებებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

2015 წლის 17 თებერვალს გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე წარადგინა.


ფოტო: ნინო გვენეტაძე და გიორგი მარგველაშვილი / რადიო თავისუფლება

ვიდრე კანდიდატს დაასახელებდა, მარგველაშვილმა კანდიდატისთვის საჭირო კრიტერიუმები ჩამოთვალა: პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი. შემდეგ კი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე წარადგინა.

ნინო გვენეტაძე 1999-2006 წლებში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ მსახურობდა და პოსტი დისციპლინური დარღვევის გამო დატოვა. თუმცა, თავად ბრალდებას არ ეთანხმებოდა და მაშინდელ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებდა.

2008 წელს კი ნინო გვენეტაძე რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი გახლდათ ხაშურში, ხოლო 2012 წლის არჩევნების შემდეგ იმ კომისიის წევრი იყო, რომელმაც 215 ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.

ამ გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. ვენეციის კომისიის მტკიცებით, ბუნდოვანი იყო ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც, პირებს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭათ. გაუმჭვირვალე იყო საქმეების შერჩევის პროცესიც.

"დღევანდელი გადასახედიდან, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნინო გვენეტაძე ვერ აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც შეძლო რეალური ცვლილებების შეტანა სასამართლო ხელისუფლებაში და დღემდე ტოვებს შეკითხვებს", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

"ფაქტია, რომ ნინო გვენეტაძის შემთხვევაში მარგველაშვილმა მიიღო აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც მას ჰქონდა შანსი, დაესახელებინა იმგვარი კანდიდატი, რომელიც არ იქნებოდა ასეთი დაუცველი და მოწყვლადი მანიპულაციებისა და ზეწოლის მიმართ და, არ მოუწევდა თანამდებობის დატოვება ისეთ პირობებში, როგორშიც მოუწია ქალბატონ გვენეტაძეს", - ამბობს დავით ზედელაშვილი.

ზედელაშვილის აზრით, გიორგი მარგველაშვილი ხშირად გამოდიოდა სწორი პოზიციით სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მას არ ჰქონდა ცხადი პრინციპული მიზანი, შესაბამისად, ვერც შედეგს იღებდა. მისი თქმით, სწორედ ასე მოხდა როგორც ნინო გვენეტაძის დანიშვნის, ასევე მისი გადადგომის შემდეგ და უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის დროს.

გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა, წარედგინა უზენაესი სასამართლოს შემდგომი თავმჯდომარე

მას შემდეგ, რაც 2018 წლის 2 აგვისტოს ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, მარგველაშვილს დაეკისრა ვალდებულება, ამ პოსტზე სხვა კანდიდატი წარედგინა.

ამ მიზნით მან სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან კონსულტაციები დაიწყო.

მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვა, დაესახელებინათ კანდიდატი და თავად პარლამენტს სწორედ მათ მიერ შემოთავაზებულ პიროვნებას წარუდგენდა.

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უარი თქვეს, თავად ეკისრებინათ პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. ისინი მზად იყვნენ, გაეცათ დადებითი ან უარყოფითი რეკომენდაცია მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურებზე, თუმცა მის ნაცვლად გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.

მარგველაშვილისთვის ეს პირობა მიუღებელი აღმოჩნდა და "კონსენსუსის" არარსებობის მიზეზით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საერთოდ არ დაასახელა.

ეს ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც პრეზიდენტს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება ჰქონდა - 16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს. ახალი კონსტიტუციით კი, რომელიც ძალაში სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების მომენტიდან შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი არა პრეზიდენტის, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით აირჩევს.

დავით ზედელაშვილი: "სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ის ხშირად გამოდიოდა სწორი პოზიციით, მაგრამ როგორც ასრულებდა ამ ფუნქციას, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშნვას, სხვა საკითხია.

როდესაც მას უთხრეს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ამ სფეროს ექსპერტებს, შესაძლოა, ჰქონოდათ მხოლოდ რეკომენდაციები საკითხთან დაკავშირებით და ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ, ის უბრალოდ გაბრაზდა, დაასრულა შეხვედრა, გაებუტა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, თითქოს მათზე ყოფილიყო რამე პასუხისმგებლობა.

მისმა მრჩევლებმა სცადეს, კარგად წარემართათ პროცესი, ჩვენთან ემსჯელათ, რა უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიზნები, როგორი უნდა ყოფილიყო კანდიდატი, რომელიც ამ მიზნების მიღწევას შეძლებდა და სხვა. ამიტომ, ამ პროცესს ჰქონდა წარმატების შანსი, მაგრამ ის ჩავარდა, ვინაიდან აქაც არ გამოჩნდა მარგველაშვილის პრინციპული ხედვა და ის, თუ რისი მიღწევა უნდოდა მას".


ფოტო: დავით ზედელაშვილი / დავით ზედელაშვილი

გიორგი მშვენიერაძე: "ქართულ ოცნებასთან დაპირისპირების ფონზე მარგველაშვილმა არ წარადგინა ახალი კანდიდატი. ის თვლიდა, რომ ქართული ოცნება მაინც არ აირჩევდა კანდიდატს, რომელსაც თვითონ დაასახელებდა. ეს იყო მისი მხრიდან პასუხისმგებლობიდან გაქცევის მცდელობა. პრეზიდენტს მაინც უნდა შეესრულებინა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება და პარლამენტისთვის წარედგინა ახალი კანდიდატი. ის, რომ ახლა სასამართლო ხელისუფლებას თავმჯდომარე არ ჰყავს, პასუხისმგებლობა გარკვეულწილად პრეზიდენტსაც ეკისრება".

ვეტო


ფოტო: გიორგი მარგველაშვილი / ნეტგაზეთი

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში ვეტო 10-ჯერ გამოიყენა.

მან ხელი არ მოაწერა და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა კანონები ფარული მოსმენების, ეროვნული ბანკის, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, ასევე, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტი და სხვა.

პარლამენტმა უმეტესი მათგანი დაძლია, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ამ კანონებს ხელი მოაწერა.

დავით ზედელაშვილი 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის ცვლილებაზე საუბრობს - მაშინ განხორციელებული ცვლილებები ​საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარი­სა და მისი მოადგილეების არჩევის წესს, მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადებს, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის, მისი გამოქვეყნების წესებსა და სხვა საკითხებს შეეხებოდა.

ცვლილებებით ერთ მოსამართლეს მიეცა საქმის პლენუმზე გატანის შესაძლებლობა, ასევე, პლენუმზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმი ​5-დან 7 მოსამართლემდე გაიზარდა.

დავით ზედელაშვილი: "საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ ომში, როდესაც უმრავლესობამ შეცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობა იმისთვის, რომ ეს გამოეყენებინა ამ ინსტიტუტის შიდა და გარე რღვევისთვის, მარგველაშვილმა ძალიან გამართლებულად გამოიყენა ვეტო.

ოღონდ, შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ამ ვეტოსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ვენეციის კომისიასთან ერთად და ხელი შეუწყო უმრავლესობას, რომ ეს კანონპროექტი, მცირედი ცვლილებებით, მაგრამ მაინც დაემტკიცებინათ. მიღებული კანონით თავდაპირველი, ვეტოდადებული კანონპროექტის შინაარსი დიდწილად არ იცვლებოდა.

ამ პროცესში საკუთარი მონაწილეობით და იმით, რომ შემდგომში ვეტო აღარ დაადო ამ კანონპროექტს, მარგველაშვილმა ხელი შეუწყო იმას, რომ უმრავლესობას ეთქვა, რომ აი, პრეზიდენტმა დაადო ვეტო, შემდეგ კი, მისი ჩართულობით, ჩვენ შევათანხმეთ კომპრომისული ვარიანტი. ასე მათ მიიღეს კანონი, რომელიც გამოიყენეს ეფექტურად იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ინსტიტუტი, დაემორჩილებინათ. ეს კანონპროექტი, რომელიც მარგველაშვილის მონაწილეობით იყო მიღებული, თავად საკონსტიტუციო სასამართლომვე გააუქმა შემდგომ, როცა ამ ნაწილში ინსტიტუციური კრიზისი ამოწურული იყო და მოსამართლეების იმ ნაწილს, რომლებიც პრობლემას ქმნიდნენ იმდროინდელი უმრავლესობისთვის, ამოწურული ჰქონდათ უფლებამოსილების ვადა.

ეს არის ცხადი მაგალითი, რომ მარგველაშვილმა იმ მომენტში ითამაშა პროცესუალური როლი, ვითომ დამბალანსებლის და სინამდვილეში, საწინააღმდეგო შედეგი მივიღეთ მისი ამ ჩართულობისგან".

რეფერენდუმი


ფოტო: GHN

5 წლის განმავლობაში რეფერენდუმის საკითხი მხოლოდ ერთხელ დადგა -კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ - 2016 წელს პრეზიდენტს ცესკომ მიმართა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს საინიციატივო ჯგუფმა 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა წარუდგინა. სანდრო ბრეგაძის და მისი თანამოაზრეების მიერ ჰომოფობიური მოტივით შემუშავებული სარეფერენდუმო კითხვა ასეთი უნდა ყოფილიყო:

"თანახმა ხართ თუ არა, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება იმის შესახებ, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით?".

პრეზიდენტმა ქორწინების განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი თქვა.

გიორგი მარგველაშვილმა თავისი გადაწყვეტილება ორი მოტივით დაასაბუთა:

პირველი: კონსტიტუციით, რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიების 20% კი ოკუპირებულია.

"კანონში გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ, პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს", - თქვა მარგველაშვილმა.

გიორგი მშვენიერაძე: "ეს არგუმენტი არ იყო დამაჯერებელი. ის, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია მტრის მიერ, არ უნდა ართმევდეს საქართველოს მოქალაქეებს დანარჩენ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების საშუალებას.

მე ვფიქრობ, რომ მას შეეძლო სხვა არგუმენტით არ დაენიშნა რეფერენდუმი - კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს ადამიანის უფლებების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას. თუმცა, პრეზიდენტმა თავი აარიდა ამ არგუმენტის გამოყენებას და ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ერთგვარად, პატრიარქალური შეხედულებების მქონე ჯგუფებს, ასევე, მათ უკან მდგარ ნაცისტურ და ფაშისტურ ჯგუფებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ იდეებს - ბოლომდე ვერ აწყენინა და მიზეზად მოიტანა ისეთი საკითხი, რომელიც თითქოსდა ყველა მხარისთვის უნდა ყოფილიყო კონსენსუსის საგანი.

რეფერენდუმზე უარის თქმა კონსტიტუციურად სწორი პასუხი იქნებოდა სწორედ ადამიანის უფლებების არგუმენტით". 


ფოტო: გიორგი მშვენიერაძე / ტაბულა

მეორე: რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება საკანონმდებლო ცვლილების საკითხზე.

"წარმოდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ "ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია". ამავე დროს, კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას" - თქვა პრეზიდენტმა.

გიორგი მშვენიერაძე: "ესეც საკამათოა იმიტომ, რომ არსებობს განსხვავებული მოდელები. საქართველოში საუბარია იმაზე, რომ რეფერენდუმი აკრძალულია იმ საკითხზე, მიიღონ თუ არა კანონი, მაგრამ ამავდროულად, სარეფერენდუმო საკითხი, რომელიც რეფერენდუმზე გამოვა, საკანონმდებლო ორგანოსგან და სხვა უწყებისგან მოითხოვს საკანონმდებლო ბაზის რეფერენდუმის შედეგებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამიტომ, არც ეს არგუმენტი იყო მაინცდამაინც დამაჯერებელი".

შეწყალება


ფოტო: ინტერპრესნიუსი

5 წლის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილმა სულ 4 181 მსჯავრდებული შეიწყალა.

მათ შორის, იყო თავისი ცოლის ძმა, რომელიც სასჯელს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ იმავე ბრალდებით სხვა მსჯავრდებულებიც შეუწყალებია.

პრეზიდენტმა არ შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც სასჯელს პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდის. შეწყალების კომისია დეკანოზის საქმეს იხილავდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით მარგველაშვილმა თქვა, კომისიამ მამალაძის გათავისუფლების რეკომენდაცია არ გასცა.

მიმდინარე წლის თებერვალში პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების კომისიისთვის მიმართვის პროცედურა გამარტივდა - კომისიას მიეცა საშუალება, ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის, შემოტანისა და ტრანზიტისა. იგივე წესი შეეხო ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულებს, რომლებიც ძალადობით ჩადენილი არ არის. 

კონსტიტუციონალისტები აკრიტიკებენ პოლიტიკას, რომლითაც მარგველაშვილი შეწყალების უფლების გამოყენებისას ხელმძღანელობდა.

გიორგი მშვენიერაძე: "მე ვფიქრობ, რომ მარგველაშვილს შეწყალების ინსტიტუტის უკეთ გამოყენება შეეძლო.

პრეზიდენტს აქვს რამდენიმე ფუნქცია. მათ შორის, ეს არის პოლიტიკური კრიზისების განმუხტვის ფუნქცია, სასამართლოს ხარვეზების გასწორების შესაძლებლობა, სამართლებრივ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა და პრეზიდენტს, მაგალითად, შეეძლო, თუ ის არ იზიარებდა, მაგალითად, არსებულ ნარკოპოლიტიკას, უფრო ეფექტურად გამოეყენებინა შეწყალების ინსტიტუტი, განსაკუთრებით იმ პირების შესაწყალებლად, რომლებიც პირდაპირი გაგებით, ნახმარი შპრიცების გამო იხდიან არც თუ ისე პატარა სასჯელს - 4-დან 7 წლამდე ვადით სხედან საპატიმროში". 

დავით ზედელაშვილი: "მარგველაშვილი არ იყენებდა ამ ინსტრუმენტს პოლიტიკურად - ის იყენებდა ძალიან ვიწროდ, მხოლოდ ინდივიდუალურ საქმეებს გადასინჯავდა. კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც ამ უფლებამოსილებას იყენებდა, არ ჩანდა.

თუმცა, ის ამ ინსტრუმენტს უფრო ფართოდ ვერც გამოიყენებდა, რადგან მისი მოღვაწეობიდან არ ჩანდა პრინციპული პროგრამა - ის, თუ რისი მიღწევა სურდა მას. ეს შეუძლებელს ხდიდა, მათ შორის, ამ უფლებამოსილების გამოყენებისას რაიმე ტიპის თანმიმდევრული პოლიტიკის გამოკვეთას". 

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად 2013 წელს 62%-ით აირჩიეს. ის ქართული ოცნების კანდიდატი იყო. ინაუგურაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ მისი და ბიძინა ივანიშვილის გზები გაიყო - პრეზიდენტმა უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებული რეზიდენცია დაეტოვებინა, რის გამოც ყოფილმა პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მარგველაშვილმა "ხასიათი გამოავლინა" და მასში შეცდა. 

მეორე ვადით კენჭისყრაზე გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა. 

კომენტარები