აფეთქება დიდ დიღომში

"არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები" - ენმ კახა კალაძის დაკითხვას ითხოვს

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერის დაკითხვას ითხოვს. დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მოითხოვა გამოძიების დაწყება - ფონიჭალაში ორი თვის მომხდარი აფეთქების შემდეგ რატომ არ გატარდა პრევენციული ზომები. მისივე თქმით, კახა კალაძე "ყაზტრანსგაზის არაფორმალური მმართველი და მენეჯერია".

"ნაცვლად იმისა, რომ ყაზტრანსგაზში სპეციალისტები მუშაობდენ, კალაძეს მასში დასაქმებული ჰყავს ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებსაც პროფესიონალიზმთან ჩავლილიც კი არ აქვთ. მოვითხოვთ დედაქალაქის მერის და ყაზტრანსგაზისს მფლობელის კახა კალაძის დაკითხვას.

ასევე, ვითხოვთ გამოძიება დაიწყოს შემდეგ საკითხზე - ჩვენ ვიცით, რომ არჩევნებამდე ყაზტრანსგაზს ბიუჯეტმა ჩამოაწერა ასი მილიონი ლარის დავალიანება, რის შემდეგაც, კომპანია აღმოჩნდა კალაძის ხელში. ეს ადამიანი გაურბის პასუხისმგებლობას და აუცილებელია, ამ საკითხზეც გავაკეთოთ განცხადება - ის გაურკვეველ დროს, 2009 წელს მიღებულ კანონპროქტზე აპელირებს და შევახსენებ მას - თუ რაიმე კანონი არ მოსწონს და შეუსაბამოა დღევანდელობასთან, ისინი 7 წელი არიან ხელისუფლებაში და ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება შეეძლოთ" - თქვა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა დღეს განაცხადა, რომ კორპუსის ჩაბარების შესახებ კანონმდებლობა წინა ხელისუფლებამ შეცვალა. კახა კალაძის თქმით, 2006 წელს კანონში იყო მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც, აკრძალული იყო იმ შენობა-ნაგებობაში შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ იყო ექსპლუატაციაში.

"იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გამოდიან და ცდილობენ პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს შეიტანეს ცვლილება და ეს მეხუთე მუხლი საერთოდ ამოიღეს. ანუ დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ეს გააკეთა იმ, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც არის რუსთავი ორის მფლობელი პარტია და დღეს ჩვენ გვდებს ბრალს, თითქოს ეს არის კორუფციული სქემა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში" - ამბობს კალაძე. მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ წლების წინ მიღებული ცვლილება სერიოზული პრობლემაა.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მცხოვრების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

ყაზტრანსგაზ თბილისმა განმარტება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. კომპანიის განცხადებით, დეტექტორმა გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა და მათთვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები