კრიმინალი

სოც. სააგენტოში არ ამბობენ, იცოდნენ თუ არა 6 იანვარს 4 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის შესახებ

სოციალური მომსახურების სააგენტოში 4 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ.

სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარი წერეთელი ამბობს, რომ ბავშვი 3.5 წლის განმავლობაში მინდობით აღზრდაზე იყო, რადგან დედამ მისი დაბადებისთანავე მიმართა სოციალურ სამსახურს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაცემა ითხოვა.

წერეთელი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ხდებოდა მეთვალყურეობა ბავშვის განვითარებასა და ოჯახთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, დედა სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე აკითხავდა, ჩართული იყო ბავშვის განვითარებაში და პერიოდულად, რამდენიმე დღით მიჰყავდა კიდეც. სოციალური სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ამდენი წლის განმავლობაში არასდროს სოციალური სამსახურს არ დაუფიქსირებია ამ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნები კონკრეტულად ამ ბავშვის და ან ოჯახში მცხოვრები სხვა არასრულწლოვნების მიმართ.

"როდესაც ბავშვი შედის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში, იწყება რისკების შეფასება და რასაკვირველია, პრიორიტეტი ჩვენთვის არის ბიოლოგიური ოჯახი, თუ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესისთვის სხვა რამ არ არის [უკეთესი]. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ბავშვის განცალკევების მიზეზი იყო მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და არა ინფორმაცია, საფუძვლიანი ან უბრალოდ ეჭვი, რომ ოჯახში შეიძლება ძალადობა ყოფილიყო ამ ბავშვზე. ასეთ შემთხვევაში, რეინტეგრაცია ბევრად უფრო გვიან და არც მოხდებოდა. მაგრამ 3.5 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა არანაირი ნიშანი არც სხვა ბავშვების მიმართ, არც კონკრეტული ბავშვის მიმართ ძალადობის შესახებ. წინა პერიოდშიც, სექტემბრამდეც, დედას 1 დღით, 3 დღით გაყავდა, ბავშვი ბრუნდებოდა მინდობით აღზრდაში. ძალადობის ნებისმიერი ნიშანი, იქნებოდა ფიზიკური, ფსიქიკური და ა.შ., იქნებოდა შესანიშნული ბავშვთან მიმართებაში. მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა", - ამბობს მარი წერეთელი.

ის არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, იცოდა თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომ 6 იანვარს ოჯახში ბავშვზე შესაძლო ძალადობის გამო პოლიცია იყო გამოძახებული. მარი წერეთელი ამბობს, რომ დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შიდა აუდიტი მოკვლევას დაასრულებს.

"ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ შემოსულა. ვიზიტები ხშირად ხდებოდა. როცა შეფასება და რეინტეგრაცია ხდება, ამას სჭირდება აქტიური მონიტორინგი და მონიტორინგი ხდებოდა. სამწუხაროდ, მეტს ვერ გეტყვით, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ხდება მოკვლევა და აღნიშნულის შესახებ ძალიან მალე დაიდება შედეგები და მოგეწოდებათ ინფორმაცია", - თქვა წერეთელმა.

მისი ინფორმაციით, ბავშვი მინდობითი აღზრდიდან ოჯახში 2018 წლის სექტემბერში დააბრუნეს. ჟურნალისტების კითხვას - რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მარი წერეთელი პასუხობს, რომ ოჯახი სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობდა, ჰქონდათ წინსვლა, დაცული იყო ჰიგიენური ნორმები და ბავშვს ჰქონდა მიჯაჭვულობა დედასთან.

"ზოგადად, სოციალურად დაუცველობა არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვები უნდა გავიყვანოთ. დანარჩენი ბავშვებიც ამ ოჯახში ცხოვრობდნენ, ჰიგიენური ნორმები ყოველთვის დაცული იყო, ხოლო მინიმუმ სასიცოცხლო პირობებს და გარემოს რას ვეძახით, ძალიან სადავოა - მაშინ, როცა მშობლების და შვილების ურთიერთობაზე, მიჯაჭვულობაზე არის საუბარი. 

გაუმჯობესება იყო - მზაობა იყო ოჯახში, აქტიურად იყო ჩართული, გადამისამართებული იყო სხვადასხვა სერვისებში, ოჯახში მცხოვრები მამაკაცი იყო დასაქმებული, გარკვეულ საქმიანობას ეწეოდა, შესაბამისად, ეს იყო საფუძვლები იმისა... უფრო ჭეშმარიტი ინტერესი კონკრეტულ შემთხვევაში და ბავშვების შემთხვევაში არის, რომ მას ჰქონდა ძალიან დიდი მიჯაჭვულობა დედმამიშვილებთან. ასევე, ამდენი ხნის განმავლობაში დედას ჰქონდა მიჯაჭვულობა, იყო ძალიან მზრუნველი დედა, მოდიოდა, აქტიურად ნახულობდა და რასაკვირველია, ამ ბავშვის ინტერესი იყო, რომ გაზრდილიყო თავის ბიოლოგიურ და-ძმასთან და მშობელთან ერთად", - ამბობს მარი წერეთელი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ის, როგორც ყველა ბავშვი, სამედიცინო დაწესებულებაში იყო აღრიცხვაზე, ჰქონდა ფორმა 100 და განსაკუთრებული ავადობა არ ჰქონდა.

გარდა ამისა, მარი წერეთლის ინფორმაციით, ოჯახის წევრი სხვა ბავშვები გუშინ ღამით განარიდეს ოჯახს. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში 4 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ გუშინ, 22 იანვარს გავრცელდა. ბავშვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მედიის ნაწილი მეზობელზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბავშვზე ოჯახში ფიზიკურად ძალადობდნენ და რამდენჯერმე პოლიციაც იყო გამოძახებული. ინტერპრესნიუსი ესაუბრა ბავშვის ბებიას, რომელიც ძალადობას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ის გაციების შედეგად გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა.

მოგვიანებით, უწყებამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ბავშვზე ძალადობის სავარაუდო ფაქტზე ოჯახში პოლიცია 6 იანვარს იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, 4 წლის გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარის შესახებ აცნობეს სოციალურ სამსახურს. გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ ოჯახის წევრები ბავშვის დაზიანებებს მის ჰიპერაქტიურ ქცევას უკავშირებდნენ. შსს ხაზს უსვამს, რომ ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, დედის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, რომლის მიხედვით მას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ დედა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები