ტერორიზმთან ბრძოლა

მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

0 კომენტარი

მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. 

სუს-ის ცნობით, დოკუმენტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა. კომისიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს და მის შემადგენლობაში არის ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყება.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში საუბარია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ხედვაზე, მიზნებსა და ამოცანებზე. სტრატეგია სამწლიანია. შემუსავებულია მისი განხორციელების სამწლიანი გეგმაც. 

სუს-ი აცხადებს, რომ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო უწყებების მიერ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე კონტრტერორისტული ხედვის ფარგლებში უპირატესობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში, სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, სტრატეგიის მომზადების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები