ილიაუნი

პაპავა: ქადაგიძის მხარდაჭერისთვის ილიაუნის ბიზნესსკოლის ხარისხის მართვიდან გამიშვეს

გიორგი პაპავა
ილიაუნი

ბიზნეს სკოლის დეკანის, გიორგი ქადაგიძის შემდეგ ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის ხარისხის მართვის უფროსის თანამდებობიდან ეკონომისტი, ასოცირებული პროფესორი გიორგი პაპავაც გაათავისუფლეს. 

ეს მან ფეისბუქზე დაწერა. პაპავა ამბობს, რომ ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ქადაგიძის მხარდაჭერის გამო მიიღო. 

"წელიწადნახევრიანი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული საქმიანობის შემდეგ მე აღარ ვარ ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

ამ ეტაპზე ბევრს თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას გეტყვით თუ რა მოვლენები განვითარდა ჩემ თავს ოთხშაბათის საღამოდან:

  • ოთხშაბათს, საღამოს 8 საათზე მომდის მეილი (როგორც ასოცირებულ პროფესორს), საიდანაც ვარკვევ, რომ ბიზნესის სკოლა გახდა ერთერთი მიმართულება ახალი ფაკულტეტის და რომ
  • ხუთშაბათს დილით, 11 საათზე, ახალი ფაკულტეტის პროფესორების შეხვედრაა ჩანიშნული.
  • ხუთშაბათს მივდივარ აღნიშნულ შეხვედრაზე, სადაც მიხსნიან თუ რა მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება და განიხილავენ პირველივე საკითხად დეკანის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას. 
  • ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ისაკაძე სიტყვას ითხოვს და აფიქსირებს თავის ძალზედ კრიტიკულ შეფასებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
  • შემდეგ მეც ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას, რომ სრულიად მიუღებელია აღნიშნული ცვლილებების ფორმაც და შინაარსიც. გიორგი და მე შეხვედრას ვტოვებთ.
  • პარასკევს 19:15-ზე მეილს ვიღებ კანცელარიიდან გათავისუფლებული ხართ, დაგვიდასტურეთ მეილის მიღებაო.
  • ბევრი ტექნიკური საკითხი შეიძლება მოიყვანოს მიზეზად ცენტრალურმა ადმინისტრაციამ, რომლის არცერთ წარმომადგენელს ჩემთან არც ბიზნესის სკოლაში უკვე განხორციელებულ ცვლილებებზე უკითხავს აზრი, არც იმის პატივი დაუდია კანცელარიის მეილით არ გამეგო გათავისუფლების შესახებ, მაგრამ რეალურად ჩემი შეფასებით, ჩემი გათავისუფლება მხოლოდ ერთადერთი მიზეზით აიხსნება: გიორგი ქადაგიძის და მასთან ერთად ბიზნესის სკოლაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერა. 
  • ბოლო წელიწადნახევარი ბევრი რამ შევცვალეთ ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის და მწამს, რომ კიდევ ბევრ რამეს შევცვლით ერთად!

დროებით, მე დანებებას არ ვაპირებ!" - წერს პაპავა. 

იმაზე, რომ ილიაუნიდან გაათავისუფლეს, გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს ისაუბრა. მან ადმინისტრაციის გადაწყვეტილება "ცვლილებების შიშს და ძირეული სიახლეების მიუღებლობას" დაუკავშირა. 

ილიაუნის დეკანმა, გიგა ზედანიამ კი თქვა, რომ ქადაგიძემ რეფორმებში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

კომენტარები