განათლება

მინისტრის მოადგილე: სისტემაში ბევრი სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემაა, კონკრეტული გეგმა გვაქვს

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სისტემაში წლების განმავლობაში დაგროვილი ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემებია და ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ.​

ასე ეხმაურება ნათია ზედგინიძე სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს სკოლებში წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლებში წყლის ხელმისაწვდომობა, გამართული საპირფარეშოებისა და წყალმოხმარების ობიექტების მუშაობა, ჰიგიენური ნორმების დაცვა და გაუმჯობესება დღემდე უმწვავესი პრობლემაა.

"ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ სისტემაში ბევრი, წლების განმავლობაში დაგროვილი ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემაა და შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმა, რაც სისტემურ მიდგომას ეფუძნება. საჭიროა მეტი ყურადღება, მეტი კონცენტრაცია და ამისთვის ყველაფერს გასამმაგებული ბიუჯეტით გავაკეთებთ, აუცილებელია სკოლის მენეჯმენტის უფრო მეტი ორიენტირება ისეთ პრობლემებზე, რაც ჰიგიენას უკავშირდება", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, 2019 წელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტების 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება, კერძოდ, თბილისის საჯარო (86-ე, 138-ე, 55-ე) და ინკლუზიური (202-ე, 203-ე), ხოლო რეგიონებში თერჯოლის, ტყიბულისა და კასპის საჯარო სკოლები. ამასთან, განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონებში დამატებით 27 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას დააფინანსებს.

რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას, სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (ESIDA) 3 საჯარო სკოლა (ზესტაფონის N1, ოზურგეთის N1, ქ. თბილისის N214), ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით 82 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება.

უწყების ცნობითვე, განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წლის გაზაფხულზე 49 საჯარო სკოლის, ხოლო შემოდგომაზე - 100 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე, ნაწილობრივ განახლდება 31 საჯარო სკოლა.

სამინისტროში ამბობენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის საჯარო სკოლებს მიექცევა - წელს 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდება, კერძოდ, ტყიბულის N7, სოფელ მუხურას, მარნეულის N1, სოსო ღვინიაშვილის სახელობის ზემო კაჭრეთის, წალენჯიხის სოფელ ეწერის, თბილისის N2, ხაშურის სოფელ ფლევის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლების.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2019 წელს დაგეგმილია თბილისსა და რეგიონებში განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის და პროფესიული განათლების ცენტრის აშენება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 6 რეგიონში 108 საჯარო სკოლა შეისწავლა, მათ შორის იყო დიდი და პატარა სკოლები როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში. გამოვლინდა, რომ სკოლების ფიზიკური მოწყობა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ნაკლებად არის ორიენტირებული მოსწავლეთა საჭიროებებზე.

ანგარიშის მიხედვით, საჯარო სკოლებში არის პრობლემები სკოლების წყალმოხმარებასა და ჰიგიენასთან დაკავშირებით, მათ შორის, საუბარია ბუფეტის, სამედიცინო კაბინეტის და ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემის არარსებობაზე.

სახალხო დამცველმა გამოავლინა საჯარო სკოლები, სადაც საერთოდ არ არის სასმელი და სამეურნეო გამოყენების წყალი.

"სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, დროულად არ გააქვთ ნარჩენები, საპირფარეშოს ჯიხურებს არ ასუფთავებენ და რეცხავენ, მოძველებულია ტუალეტების ინფრასტრუქტურა, რიგ სკოლებში საპირფარეშოს ჯიხურებს არ აქვს კარ-ფანჯარა, ავარიულია და არის ჩამოშლის საფრთხე. მსგავსი პრობლემების გამო, სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები თავს არიდებენ სკოლის საპირფარეშოებით სარგებლობას" - აღნიშნულია ანგარიშში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს კახეთის ინციდენტზე: არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

კომენტარები