სასამართლო სისტემა

წულუკიანი: ორგანიზაციები, რომლებიც დღეს უკომპრომისოები ჩანან, ვფიქრობ, დროს ჩამორჩნენ

იმედი

თეა წულუკიანის თქმით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის ბრძოლაში უკომპრომისოები ჩანან, წარსულში რეფორმების გატარებაში ხელს უშლიდნენ. 

იუსტიციის მინისტრმა ეს ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა. 

"ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ასეთი უკომპრომისოები ჩანან, ვფიქრობ, ჩამორჩნენ დროს. მათ გაუშვეს ბრძოლები ხელიდან, მათ გაუშვეს მატარებელი, რომელიც იყო ჩვენს თვალწინ 2013 წელს. რეალურად მათგან მე არ მახსოვს რამე ტიპის ხელშეწყობა ამ ბრძოლაში მაშინ, პირიქით, მახსოვს მხოლოდ ხელის შეშლა, როდესაც სხვადასხვა ეთერში, მათ შორის რუსთავი 2-ის ეთერში, სხვადასხვა ეროვნულ ტელევიზიაში, იმიტომ რომ მაშინ მე მიმყავდა რეფორმის პირველი ტალღა და შემდეგ უკვე მეორე, ვასახელებდი იმავე გვარებს და ვამბობდი, ძალიან ძნელი იქნება ამ ადამიანებთან ერთად მართლმსაჯულების წინსვლა. უფრო ხშირად მართლმსაჯულების მაშინდელ ხელმძღვანელს, კოტე კუბლაშვილს მივმართავდი ხოლმე. მაშინ მე არ მახსენდება ბევრი ადამიანის მხარდაჭერა, პირიქით, იყო რეკომენდაციები, რომ იუსტიციის მინისტრი საუბრობს ამ მოსამართლეებზე სიძულვილის ენით. ეს იყო ღია კრიტიკა, ეს იყო დახურული კრიტიკაც, როდესაც დახურულ კარს მიღმა ჩემთან მოდიოდნენ სხვადასხვა რანგის და სტატუსის სტუმრები და მეუბნებოდნენ, რომ იცი რა, ეს ასე არ გამოვა, იმიტომ რომ რეფორმა არ უნდა ეხებოდეს ადამიანებს, რეფორმა უნდა ეხებოდეს მხოლოდ ინსტიტუტს", - თქვა წულუკიანმა. 

მისივე თქმით, ამ ეტაპის დასრულების შემდეგ ქართულმა ოცნებამ, ბიძინა ივანიშვილის და შემდგომი პრემიერების ხელმძღვანელობით, სწორედ ინსტიტუციური რეფორმის გზა აირჩია. 

"დღეს, 6 წლის თავზე, როდესაც მე-7 წელი დაიწყო, როდესაც ვუსმენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ზოგიერთ ექსპერტს, რომელსაც თითქოს ახლა გაახსენდა გვარები და სახელები და მაშინ, უბრალოდ, მე ასეთი განცდა მაქვს, რომ მე დავრჩი მარტო. როდესაც რჩები მარტო, უნდა მიჰყვე იმ ძირითად მიმართულებას, რომელიც გულისხმობს ადამიანების გვერდით გაწევას და ინსტიტუტების რეფორმას. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ადამიანებთან ბრძოლის მაგალითი, როდესაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა განდევნა ადამიანები, ინსტიტუციურად დიდი არაფერი გააკეთა და მოიყვანა ახალი ადამიანები, ააშენა სასამართლოები, რაც, რა თქმა უნდა, კარგია და ამას დაარქვა რეფორმა", - თქვა იუსტიციის მინისტრმა. 

არასამთავრობო სექტორი თეა წულუკიანის მიმართ უკმაყოფილებას მრავალი მიზეზის გამო გამოთქვამს, ერთ-ერთი მიზეზი სასამართლო სისტემის განუხორციელებელი რეფორმაა. 

ბოლო რამდენიმე კვირა კი უკმაყოფილება უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების საკითხს უკავშირდება. 

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

ამის შემდეგ ქართული ოცნების ოფისში ორდღიანი დაძაბული კონსულტაციები გაიმართა. მათი დასრულების შემდეგ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ უსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის ასარჩევად არა მხოლოდ 10, არამედ ბევრად მეტი კანდიდატი უნდა წარადგინოს. 

არასამთავრობოების სხვა აქტივობები

სამოქალაქო სექტორის უკმაყოფილების  ერთ-ერთი მიზეზი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაც არის. 

ორგანიზაციებმა რამდენიმე აქციაც გამართეს, ასევე ონლაინ პეტიციაც შექმნეს, სახელწოდებით "მანიფესტი - მართლმსაჯულების გადასარჩენად", რომელიც ხელმოსაწერად ღიაა. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: 

  • დაუყოვნებლივ გადადგეს მოსამართლის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში;  
  • დაუყოვნებლივ გადადგენენ მოსამართლის თანამდებობიდან კლანის ლიდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და მორჩილი მოსამართლის სიმბოლო - ლევან მურუსიძე.
  • საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო  ჩართულობით, და აუცილებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, შექმნას ისეთი რეგულაციები, პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატების შერჩევას.
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა და წარდგენა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების, მოსამართლეთა შერჩევის გამართული და დემოკრატიულ საზოგადოებაში მისაღები პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერის შემდეგ.

კომენტარები