სირია

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ISIS-ის მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ქალაქზე იერიში დაიწყეს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

აშშ-ის მოკავშირე სირიის დემოკრატიულმა ძალებმა სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ტერიტორიაზე იერიში დაიწყეს.

ერაყის საზღვართან ქალაქ ბაღუზზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს შეტაკებები. სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლების თქმით ქალაქის აღების შემდეგ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცებულად გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ქალაქზე შეტევა დროებით შეჩერებული იყო, რადგან ტერორისტული დაჯგუფების წევრები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, მათ შორის საკუთარ ცოლებს და შვილებს.

გასულ კვირას სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ქალაქიდან გამოქცეული 400-მდე მებრძოლი დააკავეს.

სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურის თქმით ჯიჰადისტები ქალაქ ბაღუზიდან კონტრაბანდისტებთან ერთად ღამით გაპარვას ცდილობდნენ.

ამავე კვირას მათ ქალაქიდან 8,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს. ასევე მოხერხდა სირიის დემოკრატიული ძალების 5 ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლის გათავისუფლებაც. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ დატყვევებული სხვა ადამიანების ბედი ამ დრომდე უცნობია. მათ შორის არიან იტალიელი მღვდელი და ლიბანელი ჟურნალისტი.

სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერების თქმით ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლა ქალაქის აღებით არ დამთავრდება და ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჯგუფების შემორჩენილ ნაწილებს გაანადგურებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები