თბილისის მერია

"ელიავას ბაზრობა სერიოზული პრობლემაა" - მერია ავტონაწილების, ჯართის რეალიზებას გააკონტროლებს

კახა კალაძე

თბილისის მერის ინფორმაციით, დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსება მკაცრად გაკონტროლდება.

კახა კალაძემ ეს განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.

"ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვაღელვებს და პირველივე დღიდან, როდესაც უფლებამოსილება ოფიციალურად გადმოგვეცა, ამაზე ზრუნვა დავიწყეთ. ჩვენი ინიციატივით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რათა ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურებას იწვევს, მოგვარდეს. ერთ-ერთი ასეთი რეგულაციით, მკაცრად გაკონტროლდება დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსება. ასევე, მათი რეალიზება იმ ადგილებში, რომელიც საამისოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო დაშვებულ ზონაში განთავსება-რეალიზება დარეგულირდება გარკვეული წესებით", - თქვა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერია უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ადგილები, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება და აკრძალოს ისეთი საქმიანობა აკრძალოს, რომელიც გარემოსთვის და ადამიანისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

"ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც საცხოვრებელი ზონაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე პირდაპირ ხდება მსგავსი მასალების განთავსება, ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზოგადად, ქალაქისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს სამეწარმეო ადგილებსა და საცხოვრებელ ზონებს შორის გარკვეული ბუფერული ზონები შეიქმნას. დღეს ქალაქში ასეთი ზონები არ არსებობს. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ადგილები, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება და უფლებრივი ზონირების მიუხედავად, კონკრეტული სახის საქმიანობა აკრძალოს, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ადამიანისთვის, ასევე, გარემოსთვის", - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, გენგეგმაში კვლევებზე დაფუძნებით განახლებული და დაზუსტებული სანიტარიული დაცვის არეალები აისახა, სადაც განაშენიანება აღარ მოხდება.  

კომენტარები