ავსტრალია

ავსტრალიელ სენატორს, ინტერვიუს დროს მოზარდმა თავზე კვერცხი დაახალა - ვიდეო

ახალ ზელანდიაში, 15 მარტს მომხდარ ტერაქტზე კომენტარის გაკეთების შემდეგ ავსტრალიელ სენატორს, ფრეიზერ ენინგს ტელეინტერვიუს დროს მოზარდმა თავში კვერცხი დაახალა. საპასუხოდ კი სენატორმა ბიჭს ხელი რამდენჯერმე დაარტყა. 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ინციდენტს მოზარდი ტელეფონით იღებდა. 17 წლის მოზარდი, რომელიც ჰემპტონიდანაა, სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს, თუმცა ბრალის წარდგენის გარეშე მალევე გამოუშვეს.

ცნობისთვის, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩერჩში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ავსტრალიელმა სენატორმა, ფრეიზერ ენინგმა თქვა, რომ ტერაქტი ქვეყანაში არსებული საიმიგრაციო პოლიტიკის გამო მოხდა.

მან twitter-ზე დაწერა, რომ ხალხში დაძაბულობის მატება მუსლიმების რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია.

აღნიშნული განცხადების გამო სენატორი მკაცრად გააკრიტიკეს. მეტიც, მის წინააღმდეგ ონლაინ პეტიციაც შეადგინეს, რომელიც პოლიტიკოსის პარლამენტიდან გაძევებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ პეტიციას, 24 საათის განმავლობაში 265 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. 

ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ორ მეჩეთში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. 

კომენტარები