საფრანგეთი

პარიზში "ყვითელი ჟილეტების" აქციები გრძელდება, მომიტინგეებმა შენობებს ცეცხლი წაუკიდეს

0 კომენტარი

საფრანგეთის დედაქალაქში "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. კვირის ბოლოს გამოსვლებისას 60 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მათ შორის 17 პოლიციელი და ერთი მეხანძრე.

ეს პროტესტის მე-18 კვირაა. მომიტინგეებმა პოლიციის ბარიკადებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომიტინგეების ნაწილმა ბანკის, ცნობილი რესტორნის Le Fouquet’s-ის და მაღაზიების შენობებს ფანჯრები ჩაუმსხვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. მეხანძრეებმა ხალხის ევაკუაცია და ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს. რესტორანი Le Fouquet’s საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის საყვარელი რესტორანი იყო და ნიკოლა სარკოზიმ 2007 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სწორედ აქ აღნიშნა. მომიტინგეებმა რესტორნის კედლებზე დააწერეს "სარკოზიმ ყველაფერი გააფუჭა".

პარიზის პოლიციის სპიკერის თქმით დააკავეს 64  ადამიანი. სხვადასხვა მონაცემებით საპროტესტო აქციებზე 10,000-მდე ადამიანი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო, მოსახლეობა საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდა, თუმცა შემდეგ ეს ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. აქციების მიმდინარეობისას დაიღუპა 7 ადამიანი. დაშავებულთა და დაკავებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.

მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან უკვე ამოიღო, თუმცა აქციები სხვადასხვა მოთხოვნით კვლავ გრძელდება. მომიტინგეების ნაწილი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვს. მისი რეიტინგი 23%-მდე დაეცა.

აქციების საპასუხოდ, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას დაპირდა, რომ საშემოსავლო მინიმუმს 7%-ით გაზრდის, შემცირდება გადასახადები და 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო დამსაქმებლებს წაახალისებს, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს გადასახადებისაგან თავისუფალი ბონუსი მისცეს. მთავრობის წარმომადგენლების მიხედვით ცვლილებები სახელმწიფოს 8-დან 10 მილიარდ ევრომდე დაუჯდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები