საფრანგეთი

საფრანგეთში, ქალაქ ავალონის მერის სახლიდან პოლიციამ 70 კგ მარიხუანა ამოიღო

საფრანგეთში, ბურგუნდიის მხარეში, ქალაქ ავალონის მერის, ჯამილა აბზაუის სახლში პოლიციამ ჩხრეკისას 70 კილოგრამი მარიხუანა ამოიღო.

შედეგად, პოლიციამ ჯამში 7 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ქალაქის მერი და მისი ორი ძმა, რომელთაგან ერთ-ერთს პოლიცია უთვალთვალებდა, რადგან ნარკოვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მერის სახლიდან პოლიციამ მარიხუანასთან ერთად, 1 კილოგრამამდე კოკაინი, 7 000 ევრო და 20 ოქროს ზოდი ამოიღო.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები სპეცოპერაციისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ, ამ ეტაპზე კი გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, იცოდა თუ არა ქალაქის მერმა, რომ მის სახლში ნარკოტიკები ინახებოდა.

კომენტარები