სასამართლო სისტემა

თალაკვაძე: მოსამართლეების შერჩევის შესახებ ჩვენს კანონპროექტს უმრავლესობა მხარს დაუჭერს

არჩილ თალაკვაძე

ქართული ოცნება "კობახიძის კანონპროექტს" მხარს დაუჭერს. ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს და მისი დასრულების შემდეგ დეპუტატებმა გაახმოვანეს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწერებოდა

არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ კანონპროექტზე საბოლოო განხილვა შედგა. 

"საბოლოო განხილვა შედგა ჩვენს კანონპროექტზე და მინდა გითხრათ, რომ სესიაზე ამ კანონპროექტს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ მას აუცილებლად, ვინაიდან მასში გათვალისწინებულია ყველა ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას როგორც მონაწილეობის, ასევე სიის ფორმირებასთან და შემდგომში პარლამენტში განხილვასთან დაკავშირებით", - თქვა მან. 

"თუ რეალურად არ ამოძრავებს ვინმეს სუბიექტური ინტერესები, შეუძლებელია, ვინმეს ან იურიდიული, ან პოლიტიკური არგუმენტებით ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით რეალური და კრიტიკული შენიშვნა გამოთქვან", - თქვა მამუკა მდინარაძემ

ირაკლი კობახიძის და დეპუტატების - არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს. 

კანონპროექტი მიუღებელია უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრებისთვის, მათ შორის ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძისთვის, რომლებმაც პარლამენტში მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

კომენტარები