სასამართლო სისტემა

კობახიძე: გამოდის, სააკაშვილი მოსამართლეთა სიებს ნათელ ოთახში წერდა, საბჭომ ბნელში დაწერა

ირაკლი კობახიძე
პარლამენტი

ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების 10-კაციანი სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა და რომელსაც საბჭოს არამოსამართლე წევრების, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მოჰყვა, რეალურად კანონის დაცვით და წლების განმავლობაში არსებული ტრადიციის დაცვით შემუშავდა. 

კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულები უწოდა. 

პარლამენტის თავმჯდომარე სასამართლო სისტემასა და მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ თავისივე შემუშავებულ კანონპროექტზე პლენარულ სხდომაზე ლაპარაკობს. 

"დეკემბერში იქნა წარმოდგენილი მოსამართლეთა 10-კაციანი სია. კრიტიკა იყო ამასთან დაკავშირებით, იყო, რომ უფრო ღია და გამჭვირვალე პროცედურით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ეს სია. 

მიუხედავად იმისა, რომ არც კანონი და არც კონსტიტუცია არ იყო დარღვეული სიის წარმოდგენის დროს, ჩვენ გავიზიარეთ საზოგადოების გარკვეული სეგმენტების ობიექტური კრიტიკა ამასთან დაკავშირებით და გამოვაცხადეთ, რომ არ განვიხილავდით ამ ათკაციან სიას და დავიწყებდით მუშაობას პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერაზე. ეს იყო ჩვენი პოლიტიკური ნება. 

რომ დავუბრუნდეთ ამ 10-კაციანი სიის წარმოდგენას, მაშინ საბჭომ იხელმძღვანელა იმ ტრადიციით, რომელიც იყო ჩამოყალიბებული საქართველოში წლების მანძილზე. როგორც გახსოვთ, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პრეზიდენტები წარადგენდნენ და არასდროს ამას არ შეხვედრია კრიტიკა, მათ შორის არც იმ NGO-ების მხრიდან, რომლებიც არიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულები და რომლებიც დღეს ასე მწვავედ აკრიტიკებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ერთ დღეში კანდიდატების წარდგენას. 

როგორ ჩანს, მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე ნათელ ოთახში წერდა სიებს და ახლა იუსტიციის საბჭომ ბნელ ოთახში დაწერა ის სია, რომელიც იქნა წარმოდგენილი",- თქვა ირაკლი კობახიძემ. 

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 2018 წლის 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა.

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის იყვნენ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს გახდა მმართველ გუნდში დაპირისპირების და შემდეგ მათი უმრავლესობიდან წამოსვლის მიზეზიც.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

ირაკლი კობახიძემ კი რამდენიმე დეპუტატთან ერთად კანონპროექტი შეიმუშავა და როგორც ქართული ოცნების ოფისში 18 მარტის სხდომის შემდეგ გადაწყდა, მას უმრავლესობა მხარს დაუჭერს. 

კომენტარები