სოციალური მუშაკების პროტესტი

შეწყვეტენ თუ არა გაფიცვას სოციალური მუშაკები - მინისტრთან შეხვედრა დასრულდა

ტაბულა

სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა გაფიცვა შეწყვიტონ 

მათსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა დასრულდა. 

დავით სერგეენკოს თქმით, მათ რიგ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს, ხოლო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა გაფიცვა, სოც. მუშაკები მას შემდეგ მიიღებენ, რაც შეხვედრის მონაწილეები სხვა სოც. მუშაკებს გაესაუბრებიან

"მე ვფიქრობ, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ხვალიდან გაფიცვა შეწყდება და გეგმიურ მუშაობაში ჩაერთვებიან", - თქვა სერგეენკომ. 

გაფიცვის შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ რომ მიიღებენ, ტაბულას სოციალურმა მუშაკმა, სოფი ხვთისიაშვილმაც დაუდასტურა. 

"ჩვენ ველოდებით შუალედური შეთანხმების დოკუმენტს, რასაც მოგვაწვდის სამინისტრო, ამის შემდეგ ვიმსჯელებთ და გვეცოდინება პასუხი", - ამბობს ის. 

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით 25 მარტიდან გაიფიცნენ. 

მათ პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოც. მუშაკების თქმით, მათი 20-ზე მეტი მოთხოვნიდან უწყება მხოლოდ ერთის შესრულებაზე დათანხმდა, ისიც ნაწილობრივ, რაც მათთვის მიუღებელია. 

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ ყველა მოთხოვნა ერთბაშად ვერ მოგვარდება, ამიტომ შეარჩიეს 6 პუნქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, სხვა პუნქტებზე კი მთავრობისგან მზაობას და მოგვარებისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვენ. 

საპასუხოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ მათ კრიზისიდან გამოსვლის და სისტემის რეფორმირების 4-პუნქტიანი გეგმა შესთავაზა. 

სწორედ ეს გეგმა განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე. 

სოციალური მუშაკები გადაწყვეტილების მიღებამდე გაფიცვის რეჟიმში რჩებიან.

კომენტარები