ტენდერები

კორუფციის სავარაუდო ნიშნები - ფოთის მერიამ ტენდერში მოგებულ ფირმას კონტრაქტი შეუწყვიტა

0 კომენტარი
მალთაყვის სანაპირო ზოლი

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წელს 18 მილიონ ლარად მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. პროექტი სამ ნაწილად დაიყო. პირველი 2017 წელს შესრულდა - აუდიტის სამსახურმა ის უხარისხოდ და არასრულად შესრულებულად შეაფასა. მერიამ ის მაინც ჩაიბარა და კომპანიას 4 მლნ ლარზე მეტი გადაურიცხა.

პროექტის მეორე ნაწილი სხვა კომპანიას უნდა შეესრულებინა, რომელმაც სამუშაოს დასრულება ვერ მოასწრო და მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი მერიის მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებია. მათი თქმით, მუნიციპალიტეტმა მათი ჩამოშორება კორუფციული გამორჩენის მიზნით განიზრახა.

სამუშაოების მესამე ნაწილზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

საქმეს უკვე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იკვლევს

19 მარტს ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. სხვა დანარჩენთან ერთად, ამოიღეს 2015-2017 წლებში მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

უცხოურ საინვესტიციო კომპანიაში ანტ სტროი ლტდ 2016, რომელსაც მალთაყვის სამუშაოების მეორე ნაწილი უნდა შეესრულებინა, საქმით საგამოძიებო სამსახურის დაინტერესებას 2 მარტს რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტს უკავშირებენ.

სიუჟეტში საუბარი იყო სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ფოთში რამდენიმე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტი უხარისხოდ შესრულდა. მათ შორის იყო მალთაყვის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ტაბულას განუცხადეს, რომ ამ ეტაპისთვის ამოღებულია დოკუმენტები და მიმდინარეობს მოკვლევა.

რა წერია აუდიტის დასკვნაში?

2019 წლის 22 თებერვალს, აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის შესახებ.

მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტმა 2015 წელს დაგეგმა. პროექტის ღირებულება ჯამში 18 მილიონ ლარს შეადგენდა. მერიამ სამუშაოები სამ ნაწილად გაყო. პირველი ტენდერი 2015 წელს შპს პირამიდა ფ.რ. ფილიალმა მოიგო, მეორე კი 2017-ში ანტ სტროი ლტდ 2016-მა.  

დასკვნაში, სადაც მხოლოდ პირამიდა ფ.რ ფილიალის ჩატერებულ სამუშაოებზეა საუბარი, ნათქვამია, რომ მალთაყვაში სამუშაოები უხარისხოდ და არასრულად ჩატარდა. მიუხედავად ამისა, მერიამ ისინი მაინც ჩაიბარა. მიმწოდებელს კი 4 180 000 ლარი აუნაზღაურდა.

მალთაყვის სანაპირო ზოლი ფოტო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

უპასუხო წერილები და გაწყვეტილი ხელშეკრულება

სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ანტ სტროი ლტდ 2016-ში ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ მუშაობისას ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნა - არასწორი ხარჯთაღრიცხვისა და შესრულებული სამუშაოს კონპენსაციის გაცემის დაგვიანების გამო, კომპანიამ დათქმულ ვადაში სამუშაოების შესრულება ვერ მოასწრო. კომპანიის წერილებს მერიამ პასუხი რამდენიმე თვე არ გასცა და საბოლოოდ, ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწადნახევარში შეწყვიტა.

ანტ სტროი ლტდ 2016-ს და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 30 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე. სამუშაოების მიმდინარეობისას, კომპანიის წარმომადგენლებმა არაერთხელ შეამჩნიეს, რომ მერიის მიერ ხელახლა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა შესაბამის ხარჯებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

გარდა ამისა, ანტ სტროიში აცხადებენ, რომ საჭირო გახდა ისეთი სამუშაოების ჩატარება, რაც თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვით საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული. როგორც კომპანიის იურისტმა ტაბულას უთხრა, მერიამ მათ მოგვიანებით განახლებული გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც პირამიდა ფ.რ. ფილიალის მიერ პროექტის პირველ ეტაპზე დაგებული გზის ქვეშ მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა უნდა გაყვანილიყო, თანაც ისე, რომ გზა არ აყრილიყო. ანტ სტროი-ში განმარტავენ, რომ მსგავსი სამუშაოების შესრულება გზის აყრის გარეშე შეუძლებელი იყო.

კომპანია იმასაც სთავაზობდა მერიას, რომ გარკვეული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით შეესრულებინა, რათა პროექტი არ შეფერხებულიყო. ანტ სტროიში ამბობენ, რომ მერია ამ მოთხოვნებს უპასოხოდ ტოვებდა.

სამუშაოების გასაგრძელებად აუცილებელი იყო, კომპანიას გზის აყრის ნებართვა მიეღო. ნებართვის მიღება მათ მოთხოვნიდან ხუთი თვის გასვლის შემდეგ შეძლეს. ანტ სტროიში აცხადებენ, რომ ამ ხუთი თვის მანძილზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხდა.

კომპანიის წარმომადგენლები უშედეგოდ ცდილობდნენ, მერია შექმნილ პრობლემებს გამოხმაურებოდა. თავდაპირველად, ისინი მერიის მაღალჩინოსნებს გაესაუბრნენ, შემდეგ კი წერილობით აცნობეს მუნიციპალიტეტს პრობლემების შესახებ (მაგალითისთვის, იხილეთ პირველი წერილი).

მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო - მათი ყველა წერილი მერიამ უპასუხოდ დატოვა. ანტ სტროიში ამბობენ, რომ უპასუხოდ რჩებოდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაგზავნილი წერილებიც. კომპანიის იურისტის თქმით, ამ უწყების შესაბამისი ორგანოები და მაღალჩინოსნები პროექტის ზედამხედველობას ახორციელებდნენ, რადგანაც სამუშაოების დიდი ნაწილი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდებოდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი ტაბულას უთხრეს, რომ ანტ სტროის მიერ გაგზავნილი სამი წერილიდან, ბაზაში მხოლოდ ერთი მოიძიეს, რაზეც თავის დროზე უპასუხეს, რომ აღნიშნული პროექტის ზედამხედველობა ორგანოს კომპეტენციაში არ შედიოდა (ამ წერილის მიღებას ანტ სტროიში არ ადასტურებენ).

სამინისტროში აცხადებენ, რომ რადგანაც ხელშეკრულება მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის იყო გაფორმებული, ისინი არ უნდა ჩარეულიყვნენ. დეპარტამენტის უფროსის მიერ განხორციელებულ ზედამხედველობას რაც შეეხება, სამინისტროში გვითხრეს, რომ ამას “იურიდიული ფორმა არ გააჩნდა”.

დაგვიანებული ანგარიშსწორება

შუალედური სამუშაოების შესრულების შემდეგ, მერია ვალდებული იყო, სამ დღეში მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოეწერა. ამ ხელმოწერის გარეშე, კომპანიას უკვე გაწეული ხარჯები ვერ აუნაზღაურდებოდა. ნაცვლად სამი დღისა, მერია კომპენსაციას ყოველ ჯერზე აგვიანებდა. თავის მხრივ, ესეც გახდა სამუშაოების შეფერხების მიზეზი.

მაგალითისთვის, 2018 წლის 22 ნოემბერს შეტანილ თხოვნაზე მიღება-ჩაბარება 18 დეკემბერს განხორციელდა, 2018 წლის 19 დეკემბრის თხოვნაზე კი 2019 წლის 24 იანვარს (იხ. თანდართული წერილები).

ანტ სტროის მოთხოვნები ხარჯების კორექტირების შესახებ ისევ და ისევ უპასუხოდ რჩებოდა. შედეგად, პროექტის ნაწილი შეუსრულებელი დარჩა. საბოლოოდ, 2019 წლის იანვარში მერიამ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და შესყიდვა ხელახლა გამოაცხადა ხარჯების კორექტირების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ხარჯების კორექტირების აუცილებლობა 2018 წლის ივლისში თავად ფოთის მერიამაც აღიარა. დასკვნას, რომ შესწორებების გარეშე სამუშაოების გაგრძელება შუძლებელი იქნებოდა, აგრეთვე ეთანხმებოდნენ მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების სამსახურის უფროსი, პროექტის ავტორი კომპანია და დამოუკიდებელი ექსპერტი.

კორუფციის სავარაუდო ნიშნები - “ხარჯები ნახევარი მილიონი ლარით იყო გაბერილი”

ანტ სტროიში ეჭვი აქვთ, რომ მერიამ მათ განზრახ შეუქმნა პრობლემები, რადგან სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში ვერ მოსწრებულიყო.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ე.წ “ატკატები” სახელმწიფო შესყიდვებისას ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ხარჯთაღრიცხვა ხშირად ხელოვნურადაა გაბერილი. მაგალითისთვის, თუ გარკვეული სამუშაოს შესრულება ბიუჯეტს 270 ათასი ლარი უჯდება, ხარჯთაღრიცხვაში 300 ათასი ლარია მითითებული.

კომპანიას ერიცხება 300 ათასი ლარი, ხარჯავს 270 ათასს, დარჩენილი 30 ათასი ლარი კი მაღალჩინოსნების ჯიბეში ხვდება.

ამ შემთხვევაში, ანტ სტროის იურისტის თქმით, ხარჯთაღრიცვაში გაწერილი ხარჯები ნახევარი მილიონი ლარით აღემატებოდა პროექტის რეალურ ღირებულებას.

მიუღია თუ არა ანტ სტროის კორუფციულ სქემაში ჩართვის შეთავაზება? კომპანიაში განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევას ახლო წარსულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოხდა. ოზურგეთის მაშინდელმა გამგებელმა, გელა კობალაძემ, ქრთამი აიღო შპს პირამიდა - ფ.რ. ფილიალისგან. შემდეგ კომპანიამ სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში იჩივლა, რასაც 2017 წლის მარტის დასაწყისში კობალაძის დაპატიმრება მოჰყვა.

პიროვნება, რომელიც  ოზურგეთის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო, მოგვიანებით ანტ-სტროი ლტდ 2016-შიც მუშაობდა და მალთაყვის სამუშაოებშიც აქტიურად იყო ჩართული. ამდენად, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მსგავსი წინაისტორიის გამო, მუნიციპალიტეტმა კორუფციულ სქემაში ჩართვის შეთავაზება აღარ გარისკა და მათი მოშორება გადაწყვიტა.

რატომ მოაგებინეს ტენდერი ანტ სტროის ამ ყველაფრის გათვალისწინებით? კომპანიაში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი ადგილობრივ ხელისუფლებაში ადმინისტრაციის ცვლილება იყო. ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისს გაფორმდა, ოქტომბერში კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და მერიის ადმინისტრაცია, მერის ჩათვლით, შეიცვალა. პრობლემების შექმნას ანტ სტროიში სწორედ ახალი ადმინისტრაციის ინტერესებს მიაწერენ.

კომპანიის ეჭვებს ის აძლიერებს, რომ ხელახლა გამოცხადებულ შესყიდვაში, ხარჯები ისევ გაბერილი დარჩა. ანტ სტროიში ამბობენ, რომ ხარჯთაღრიცხვა მოცულობით ნაწილში იყო გაბერილი, რაც ბუნებრივია, თანხობრივ ზედმეტობასაც განაპირობებდა. კომპანიის იურისტის თქმით, მეტნაკლებად გაბერილი იყო თითქმის ყველა თავის ყველა მუხლი.

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ახალი გამარჯვებული სქემაში ჩაერთვება და ნახევარი მილიონი ლარი “ატკატების” სახით გაიფლანგება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ტაბულას განუცხადეს, რომ რადგანაც ამ ეტაპზე სამართალდამცველები სწავლობენ საქმეს, თავს იკავებენ შეფასების გაკეთებისგან.

ამჟამად, ანტ სტროის საქმე სასამართლოშია. კომპანია ფოთის მერიისგან მოითხოვს პროექტის შესწორებას ისე, რომ მათ მშენებლობის დასრულება შეძლონ. არგუმენტაცია გადაგზავნილი აქვთ შესყიდვების სააგენტოშიც, სადაც სავარაუდოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ანტ სტროის იურისტი გიორგი მონიავა აცახდებს, რომ პროცესის დანიშვნა უკვე ორი თვეა ჭიანურდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები