NATO-საქართველო

NATO-საქართველოს სწავლება 2019 - იენს სტოლტენბერგი წვრთნების მიმდინარეობას გაეცნო

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი NATO-საქართველოს სწავლება 2019-ის მიმდინარეობას გაეცნო. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგმა სწავლების კონტროლის ცენტრი მოინახულა. NATO-ს გენერალური მდივანი ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა და ვიმყოფები საქართველოში. ამჯერად თქვენი მოწვევით ჩამოვედი სწავლების ფარგლებში, მონაწილეობის მისაღებად. ეს არის ერთობლივი სწავლება, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ძლიერია ამ პარტნიორობის ფარგლებში" - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელიც საქართველოს 24 მარტს ეწვია.

NATO-საქართველოს სწავლება 2019 სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) იმართება და მასში 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს მონაწილეობას.

"სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები - “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC) და გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO) - რაც ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას" - აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

NATO-საქართველოს სწავლება 2019 რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ NATO-ს სამიტზე მიენიჭა. NATO-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.

წინა სწავლებაში 15 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანაა ჩართული (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი).

კომენტარები