პოსტსამშობიარო დეპრესია

"მარტო ვერ ვრჩებოდი, მეგონა, გავიგუდებოდი" - რა ვიცით პოსტსამშობიარო დეპრესიაზე

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

საქართველოში პოსტსამშობიარო დეპრესიას სათანადო ყურადღება არ ექცევა. სამშობიარო სახლების უმეტესობაში ქალებს ამის შესახებ არაფერს ეუბნებიან. ეს არც ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ სახელმწიფო პოსტსამშობიარო დეპრესიის მკურნალობაშიც ისევეა ჩართული, როგორც ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროს.

"სამშობიაროდან რომ დავბრუნდი და კარი შევაღე, კედელზე დაკიდებულ დიდ სარკეში დავინახე ვიღაც სრულიად უცნობი, გაფითრებული ადამიანი. ერთადერთი, რაც მინდოდა, ხმამაღლა მეჯღავლა. მაგრამ ჩემი ქმრის, დედაჩემის და ჩემი მეუღლის დედის გამო მაქსიმალურად ვიკავებდი თავს. გახსენებაც არ მინდა პირველი დღეების. ახლა ისე მრცხვენია ჩემი შვილის..."

"ოთახშიც ვეღარ ვრჩებოდი მარტო, მეგონა, რომ გავიგუდებოდი. მეშინოდა, თუმცა ზუსტად არ ვიცოდი რისი. გარეთ გავრბოდი ბავშვთან ერთად და საათობით ეზოში ვიყავით, რადგან სახლში მარტო მიწევდა დღის განმავლობაში ყოფნა".

"ოჯახში დაგვემატა ადამიანი, რომელმაც წამართვა თავისუფლება და დამიტოვა დამახინჯებული სხეული. სიყვარულს რომ ვერ ვგრძნობდი, მქონდა ბრძოლა საკუთარ თავთან, რომ მე ვარ ცუდი დედა, რომ დედობა ჩემი საქმე არაა, შეცდომა დავუშვი და ვეღარ გამოვასწორებ".

"ბავშვის გაჩენამდე ერთი კვირით ადრე ახალ სახლში გადავედით. მიხაროდა სივრცე და სინათლე, რომელიც წინა ბინაში არ მქონდა. თუმცა ბავშვი გაჩნდა თუ არა, ეს ყველაფერი გაქრა. სული მეხუთებოდა, ჰაერი არ მყოფნიდა, მეგონა რომ ამ კედლებიდან ვერასდროს გავაღწევდი. ჩავთვალე, რომ მორჩა ჩემი ცხოვრება".

"ვტიროდი გაუთავებლად, უმიზეზოდ, მეშინოდა ღამის, მარტო ყოფნის, როგორც კი თენდებოდა, შედარებით ვმშვიდდებოდი. არნახულად გამიმძაფრდა ჩემი ქმრის მიმართ გრძნობა, ხელს არ ვუშვებდი. ტანჯვა იყო მისი სამსახურში წასვლა, საწოლში ხელი მეკიდა მის ხელზე, ძალიან ცუდად ვგრძნობდო თავს, მეგონა ყველაფერი დამთავრდა".

"შემოსასვლელში გრძელი სარკე გვედგა. საკუთარი თავი რომ არ დამენახა, დიდი ნაჭერი ჩამოვაფარე".

"ვერ გამოვდიოდი ოთახიდან, სხვაგან წასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. იმდენად მიჯაჭვული ვიყავი ბავშვზე, პირველად 6 თვის ასაკში დავტოვე 4 საათით. არც მეგობრები, არც გართობა - არაფერი მინდოდა".

"მარტო ვცხოვრობდით. დილით, როცა ზაზა სამსახურში მიდიოდა, ვტიროდი და დედაჩემის მოსვლამდე აბსოლუტურად უუნარო ვიყავი. მე - ჭკვიანი, მშვიდი, გაწონასწორებული გოგო ვტიროდი. ღამით, როცა დედაჩემი ჩვენთან აღარ დარჩა და მაშო ხელში ტარებას ითხოვდა, თან დამყავდა და თან ვტიროდი. ღმერთს ვევედრებოდი, მალე გასულიყო ეს დრო და მაშო უცებ გაზრდილიყო".

"ძალიან მიჭირდა ემოციების კონტროლი, ვტიროდი ყველაფერზე, დავკარგე საკუთარი თავი, მხოლოდ ერთი ფუნქცია მქონდა თითქოს - ვიყავი პატარა არსების დედა, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა მე მეკისრებოდა. სამი წელი გაგრძელდა დეპრესია, არ მინდოდა არც მეგობრებთან წასვლა, არც თავის მოწესრიგება და ზოგადად, სამყაროში ჩემს ადგილს ვეღარ ვპოულობდი".

"არაფერი მიხაროდა, მუდმივად დაღლილი ვიყავი, გაქცევა და ყველაფრის მიტოვება მინდოდა. სამსახურში უფრო კარგად ვგრძნობდი თავს ვიდრე სახლში. ისეთი გრძნობა მქონდა რომ ვიხრჩობოდი, ყველას რაღაც უნდოდა ჩემგან, გამოსავალს ვერ ვპოულობდი. განსაკუთრებით ქმართან გამიფუჭდა ურთიერთობა, მას არ სჯეროდა ჩემი დეპრესიის და მე კი მის მიმართ ვეღარ ვგრძნობდი სიყვარულს".

----

ეს იმ ქალების ამბებია, რომლებმაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია გადაიტანეს - სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა გამოცდილებით, სხვადასხვა მხარდაჭერის პირობებში.

განწყობის დაქვეითება; ხშირი და უმიზეზო ტირილი; ბავშვთან ურთიერთობის სირთულე; სახლიდან გასვლის სურვილის არარსებობა; მადის დაკარგვა; უძილობა ან ზედმეტად ბევრი ძილის მოთხოვნილება; ენერგიის დაქვეითება და დაღლილობა; საყვარელი საქმეებისადმი ინტერსისა და სიამოვნების გაქრობა; გაღიზიანება და აგრესია; შეგრძნება, რომ ცუდი დედა ხარ; უიმედობა; უსარგებლობის, სირცხვილის, დანაშაულის შეგრძნება; კონცენტრაციის, ნათლად აზროვნების ან გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითება; ძლიერი შფოთვა და პანიკური შეტევები; აზრები ბავშვის ან საკუთარი თავის დაზიანების შესახებ; პერიოდული ფიქრები სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე - ეს პოსტსამშობიარო დეპრესიის ნიშნების არასრული ჩამონათვალია.

უმეტესად, ეს სიმპტომები მშობიარობიდან რამდენიმე დღეში იწყება და დროთა განმავლობაში ვითარდება, თუმცა ხანდახან, დეპრესია ფეხმძიმობის დროსაც შეიძლება განვითარდეს. არსებობს მშობიარობის შემდგომი სევდაც, რომელიც რამდენიმე დღის, მაქსიმუმ ერთი ან ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. პოსტსამშობიარო დეპრესია კი ბევრად მძიმეა და შეიძლება არსებობდეს რამდენიმე თვიანი, ხანდახან ორ ან მეტ წლიანიც. ყველაზე რთულ ფორმად ითვლება შემთხვევები, როცა ქალი ცდილობს ბავშვის ან საკუთარი თავის დაზიანებას, ფიქრობს თვითმკვლელობაზეც.

-------

მარიამ კუტალია 24 წლის იყო, როცა შვილი გააჩინა. ბავშვის მოვლის გამოცდილება ჰქონდა და ინფორმაციას მშობიარობამდეც აგროვებდა, თუმცა ძირითადად, ეს იყო სპეციალისტების მოსაზრებები. საზოგადოებაში არსებული შეხედულებების გამო ეგონა, რომ ბავშვი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდებოდა, თუმცა, როცა ასე არ მოხდა, ეგონა რომ ყველაზე ცუდი დედაა. ამას ემატებოდა შემცირებული თვითშეფასებაც.

"როცა პირველად დავინახე ბავშვი, ვერაფერი ვიგრძენი. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ერთი თვე არც მიყვარდა. ის იყო ცოცხალი ორგანიზმი, რომელზე ზრუნვის ვალდებულებაც რატომღაც დამეკისრა. უნდა მყვარებოდა, უნდა მეზრუნა. ამას ემატებოდა იმ პერიოდში ფეისბუქ მეგობრების პოსტები თავიანთ შვილებზე, რომ თურმე რამხელა ბედნიერება ყოფილა დედობა, რომ ამ გრძნობას გალაქტიკაში ვერაფერი შეედრება და რომ ეს ყველა ქალმა უნდა იგრძნოს და ამას ვერ ვგრძნობდი მე. ხმამაღლა ვინმესთვის თქმა კი არა, საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებოდი, რომ შვილი არ მიყვარდა. მეგონა, რომ ბავშვის ყოლის გამო წერტილი დაესვა ჩემს თავისუფლებას. ყველა უმნიშვნელო პრობლემას გაასმაგებული სიმძაფრით აღვიქვამდი და მეგონა, არასდროს დასრულდებოდა. ვფიქრობდი, შვილის გამო ვერაფერში ვერასდროს მივაღწევდი წარმატებას და დავასრულებდი "ჩამჯდარი დედის" მდგომარეობით. ჩემი თავი ყველაზე დიდ ლუზერად წარმომედგინა, ხორცის მასად, რომელსაც არც არაფერი შეუქმნია ღირებული და ვეღარც ვერაფერს შექმნიდა. საბოლოოდ კი, არავის არ მოუნდებოდა ჩემთან ურთიერთობა და დავრჩებოდი მარტო", - ამბობს მარიამი.

ჩვენმა კიდევ ერთმა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს, პოსტსამშობიარო დეპრესიის გამო ორ თვეში 20 კილოგრამი დაიკლო. აღმოჩნდა, რომ მისი ორგანიზმი სტრესზე ასე რეაგირებს. სწორედ ამის გამო, თავდაპირველად ეგონა, რომ მისი მდგომარეობა წონაში კლებამ და ჰორმონალურმა დისბალანსმა გამოიწვია, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ დახმარება სჭირდება და ფსიქოთერაპევტს მიმართა.

"რომ მცოდნოდა რა მჭირს, ბევრად უფრო მალე დავეხმარებოდი საკუთარ თავს. ტირილი, ღამით გაღვიძება და შემოწმება, ბავშვს სძინავს თუ არა. რაღაც ჰალუცინაციური მომენტებიც იყო თითქოს - ყველგან ბავშვის ტირილის ხმა რომ გესმის და გგონია, რომ უშენოდ რაღაც ვერ არის. სუიციდური ფიქრებიც იყო. ვერ აკონტროლებ მაგ დროს. ძალიან ძნელია ეს პროცესი მართო და საღი გონებით იფიქრო. ფიქრს არ გასცდენია, მაგრამ რეალურად, ეს გახდა სპეციალისტისთვის მიმართვის საფუძველი", - ამბობს ის.

პოსტსამშობიარო დეპრესია ხშირად პირველი შვილის გაჩენის შემდეგ ემართებათ, თუმცა ეს კავშირშია არა შვილების რაოდენობასთან, არამედ გამოცდილებასა და მზაობასთან. თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ შესაბამისი გამოცდილებისა და მზაობის შემთხვევაში დეპრესია არ იქნება. საუბარია იმაზე, რომ ასეთ დროს ქალებმა იციან სად არის პრობლემა და შესაბამისად, ბრძოლაც უფრო უმარტივდებათ. ხშირია შემთხვევები, როცა დეპრესია მეორე ან შემდეგი შვილის დაბადების მერე ჩნდება. სწორედ ასეთი გამოცდილება აქვს მარიეტა შპიტკოვას.

"პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, გარეთ არ მინდოდა გასვლა, შიშები მქონდა. მანამდე ფერადი თმა მქონდა და ამ პერიოდში შავად გადავიღებე. მეგონა, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა, რომელიც აღარ იქნება. პირადი სივრცე აღარ მქონდა, თითქოს რაღაც მახრჩობდა. ვდარდობდი პირველ შვილზე, რადგან ისეთ ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი მეორე შვილის გამო. სახლში ფარდები ჩამოვაფარე, იზოლირებული ვიყავი, საკუთარი თავი არ მომწონდა", - გვიყვება ის.

მარიეტას მეგობარი დაეხმარა. ის მიხვდა მის მდგომარეობას და შესაბამის კონსულტაციებს უწევდა.

"გარშემო არავის ვეკონტაქტებოდი, არც მეგობრების მოსვლა მინდოდა. არ მინდოდა მსუქანი და მოუვლელი ვენახე. მერე ქმარზე ეჭვიანობა დავიწყე, რაც ზოგადად ძალიან შორსაა ჩემგან", - გვიყვება კიდევ ერთი ქალი, რომელმაც შვილი 21 წლის ასაკში გააჩინა.

ინფორმაციის წინასწარ შეგროვება პოსტსამშობიარო დეპრესიასთან ბრძოლას ამარტივებს, თუმცა დეპრესიას არ გამორიცხავს. ის არც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სურს ქალს ბავშვის გაჩენა.

ლელა არაბიძე შვილის გაჩენას სამი წლის განმავლობაში ცდილობდა, წარმოედგინა, როგორ გამოიყვანდა სამშობიაროდან ბურთვით მრგვალ გოგოს, ფერადი აბადოკებით, როგორ მოითხუპნიდა ის სახეს ფაფით და მშობლები სიცილით გადაუღებდნენ ფოტოებს. მაშო დაგეგმილზე გვიან დაიბადა და ლელამ აღმოაჩინა, რომ ბავშვის ხელში აყვანისაც ეშინია. უყურებდა და ტიროდა, ეგონა, რომ ხელიდან დაუვარდებოდა, ძუძუს ვერ აჭმევდა. მამა ბავშვის მოვლაში მაქსიმალურად ჩართული იყო, ლელას არც გართობა უნდოდა, არც გარეთ გასვლა.

"მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცნაირად აირია და როცა მომინდებოდა მაშინ ვერ წავიკითხავდი წიგნს, ვერ წავიდოდი თეატრში, ვერ მოვხალავდი თხილს და წამოვგორდებოდი დივანზე. რა უხერხულია, არა? რამდენი ჭკუის მასწავლებელი გამოვა ახლა - "შვილი თუ გინდოდა, მოუარე, რა "თიატრები მოგინდაო" იტყვიან, "თიატრებიო", - ამბობს ლელა.

ჩვენი რესპონდენტები ყვებიან, რომ დეპრესიას უმძაფრებდათ საზოგადოების დამოკიდებულებაც - მათგან ითხოვენ, რომ იყვნენ ბედნიერები. ქალებს მშობიარობიდან რამდენიმე წლის შემდეგაც უჭირთ ამაზე მშვიდად საუბარი და ცრემლების შეკავება.

"საზოგადოება ჩაგჩიჩინებს - თუ არ გინდოდა, რას აჩენდი, რატომ არ გაბედნიერდი შვილის გაჩენით. ძალიან მიჭირს ამაზე მშვიდად ლაპარაკი...", - ამბობს ნინო (სახელი შეცვლილია), რომელმაც პირველი შვილი 25 წლის ასაკში გააჩინა.

ხატია ბერუაშვილი გვიყვება, რომ სამშობიაროშიც მოუწოდებდნენ არ ეტირა და რადგან დედა გახდა, "სატირალი არაფერი ჰქონდა".

მარიამ კუტალიამ მოგვიანებით შეძლო გაეაზრებინა, რომ სხვასთან შედარება, სხვისი უარესი მდგომარეობა მის ტვირთს არ ამსუბუქებს.

"როგორც კი "დავიწუწუნებდი", რომ დავიღალე ან რომ თურმე, რთული ყოფილა, იწყებოდა: "შენ რა გიჭირს, არაფერი გაკლია, აი იმან რა თქვას, სახლი რომ არ აქვს, ოცი შვილი რომ ჰყავს, რომ შია, რომ სწყურია". ამას არცერთი წამით არ შეუმსუბუქებია მდგომარეობა, მაგრამ თავიდან ვჩუმდებოდი, მრცხვენოდა იმის თქმა, რომ გადავიწვი, ვინმეს უმადური ან დაუნახავი არ ვგონებოდი. ეს "უფრო გაჭირვებულებთან" შედარებაც საშინლად მაღიზიანებდა. მერე გავიაზრე, რომ სხვისი უარესი მდგომარეობა, ჩემს ტვირთს არ ამსუბუქებს და საერთოდ არ აქვს ჩემთან შეხება. ყველას თავისი წილი პრობლემა აქვს. საბოლოოდ, საკუთარ თავს შევუთანხმდი, რომ ბავშვის მოვლა ბევრ ფიზიკურ და გონებრივ სამუშაოზე რთულია, რთული სამუშაოს შესრულებისგან ადამიანები იღლებიან და თუ მეც დავიღალე და დასვენება მომინდა, ამაში არც სამარცხვინოა რამე და არც დასამალი და ამ გადაწყვეტილების მიღებით შედარებით უკეთესად ვგრძნობდი თავს", - ყვება მარიამ კუტალია.

ადამიანები, რომლებმაც პოსტსამშობიარო დეპრესია გადალახეს ან ჯერ კიდევ ებრძვიან, ამის მიზეზად ასახელებენ პირადი სივრცის არქონასაც. საერთოა ისიც, რომ ჩვენი რესპონდენტების უმეტესობა, მიუხედავად ინფორმაციის წინასწარ გაცნობისა, ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ მას სჭირდა. ყველა მათგანი დღეს ამბობს, რომ ქალებმა უნდა სცადონ ემოციები გაუზიარონ ახლობელ ადამიანებს, არ დარჩნენ მარტო და თუ საჭიროა, სპეციალისტსაც მიმართონ.

ისინი საუბრობენ მამების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც. ამბობენ, რომ საყვარელი ადამიანებისგან ელოდნენ თანადგომას და არა მათი პრობლემის არასერიოზულად აღქმას.

-----

საქართველოში პოსტსამშობიარო დეპრესიას სათანადო ყურადღება არ ექცევა. სამშობიარო სახლების უმეტესობაში ქალებს ამის შესახებ არაფერს ეუბნებიან. ეს არც ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ სახელმწიფო პოსტსამშობიარო დეპრესიის მკურნალობაშიც ისევეა ჩართული, როგორც ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროს.

ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე, ეკა ჭყონია ამბობს, რომ პრაქტიკაში სულ რამდენიმე შემთხვევა აქვს, როცა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გამო მიმართეს და ყველა მათგანი ძალიან მძიმე იყო. მისი თქმით, საქართველოში ეს პრობლემა გააზრებული არ არის და ხშირად მოგვარებას ცდილობენ ქალის მოწოდებით "თავი ხელში აიყვანე".

"ერთ შემთხვევაში დედას საერთოდ არ სურდა შვილთან ურთიერთობა, იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა. მქონია შემთხვევები, როცა დედა აცნობიერებს, რომ შვილს და ოჯახის სხვა წევრებს არასამართლიანად, ზედმეტად აგრესიულად ექცევა და დახმარებისთვის მომმართავს", - ყვება ფსიქიატრი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასევე განმარტავს, რომ დეპრესიამ ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს - ის პირდაპირ კავშირშია ძალადობრივ ქცევებთან პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. შესაძლოა სუიციდიც, ან სარისკო ქცევები, რომლებიც არ არის ერთჯერადი.

"მიზეზები ძირითადად არის ჰორმონალური ცვლილებები, თუმცა ასევე, სოციალური ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გასათვალისწინებელია პიროვნების მზაობა, მისი დამოკიდებულება, გარემო რამდენად მხარდამჭერია და ა.შ. რაც არ უნდა სასიხარულო ამბავი იყოს, ეს არის დიდი ცვლილება ადამიანის ცხოვრებაში და თუ ადამიანი სათანადოდ არ არის მზად, მისთვის ეს ძლიერი სტრესია. შეიძლება მკვეთრად გამოხატული გუნება-განწყობის დაქვეითება არ იყოს, მაგრამ თუ გაიზარდა შფოთვა, მუდმივი ღელვა, რომ რაღაც ცუდი მოხდება, თუ ხედავს, რომ ენერგია დაუქვეითდა, უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს მისგან ნებისმიერი საქმის კეთება, უჭირს საქმის კეთება და ბოლომდე მიყვანა, ურჩევნია დღის განმავლობაში მარტო იყოს, ნაკლებად ჰქონდეს ურთიერთობა სხვებთან - ეს არის ნიშანი, რომ ამ ადამიანს სჭირდება დახმარება. დახმარებას ნუ გავიგებთ აუცილებლად ისე, რომ აუცილებელია მედიკამენტოზური ჩარევა. რაც უფრო დროულად მივხვდებით, რომ პრობლემატური მდგომარეობაა და მივმართავთ სპეციალისტს, ბევრად უფრო ეფექტურად და სწრაფად შეიძლება ადამიანი გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და ეს არ გახდეს ქრონიკული", - ამბობს ფსიქიატრი.

ეკა ჭყონია ასევე აღნიშნავს, რომ შედარებით იშვიათად, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს არამარტო დეპრესია, არამედ ფსიქოზიც.

მისივე თქმით, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს საზოგადოების დამოკიდებულება და შერცხვენა. ეკა ჭყონია განმარტავს, რომ თავდაპირველად დედას არ აქვს აღტკინება და ეიფორიული მდგომარეობა, მან ჯერ უნდა გააცნობიეროს თავისი ახალი როლი, შეეგუოს მას, დაძლიოს ღელვა და ამის შემდეგ მოდის სიხარული და აჟიტირება.

"სრულიად ნორმალურია, რომ ეს ემოცია არ ჰქონდეს და ნელნელა მოვიდეს", - ამბობს ის.

მისი რჩევაა როგორც მომავალი დედებმა, ასევე, მათმა ახლობლებმა ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს მიიღონ ინფორმაცია რა ფიზიკური და ფსიქიკური ცვლილებები ელოდებათ. ფსიქიატრი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და ეს ძალიან ეხმარება როგორც პრევენციაში, ასევე მდგომარეობიდან გამოსვლაში, თუმცა არა ყოველთვის.

----

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში დედების 20%-ს მშობიარობის შემდგომი დეპრესია გამოუცდია. მაჩვენებელი მცირედით დაბალია განვითარებულ ქვეყნებში. რაც შეეხება პოსტსამშობიარო სევდას, რომელიც რამდენიმე დღის განმალობაში, მაქსიმუმ კი ორი კვირა გრძელდება, აქ მონაცემები ბევრად მაღალია - დაახლოებით 80%.

მიმდინარე წლის 19 მარტს ამერიკის საკვების და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მშობიარობის შემდგომი დეპრესიის წამალი - ბრექსანოლონი დაამტკიცა. ამჟამინდელ ანტიდეპრესანტებთან შედარებით, რომლებსაც ეფექტის მისაღწევად 2-4 კვირა სჭირდება, ახალი წამალი ძალიან სწრაფად, 48 საათში მოქმედებს. 

ექსპერტების თქმით, ბრექსანოლონი უზრუნველყოფს მყისიერ შვებას დედებისთვის, რომლებსაც დეპრესიისგან იტანჯებიან. მშობიარობის შემდგომი დეპრესია აშშ-ში შვიდიდან ერთ ქალს ემართება. 

"მშობიარობის შემდგომი დეპრესია სერიოზული მდგომარეობაა. თუ ის მძიმეა, სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს" - ამბობს ტიფანი ფარქიონე, FDA-ს ფსიქიატრიული პროდუქტების განყოფილების დირექტორი. 

აუცილებელია სპეციალისტს მიმართოთ, თუ სტატიაში მოყვანილი სიმპტომები არ გაქრა მშობიარობიდან ორი კვირის შემდეგ, მდგომარეობა უარესდება, გიჭირთ ბავშვზე ზრუნვა, გიჭირთ ყოველდღიური რუტინული საქმეების შესრულება, გაქვთ ბავშვის ან საკუთარი თავის დაზიანების ფიქრები.

----

რესპონდენტების უმრავლესობა ინტერვიუზე დაგვთანხმდა იმიტომ, რომ უნდათ ქალებმა წინასწარ იცოდნენ იმის შესახებ, რაზეც იშვიათად ლაპარაკობენ, მომზადებულები შეხვდნენ ამას. მათ არ სურთ სხვებმაც იგივე გამოსცადონ, რა თავად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები