რუსეთი

რუსეთში 64% თვლის, რომ ყალბ ახალ ამბებზე კანონი ხელისუფლებამ კრიტიკის ასარიდებლად მიიღო

EPA

სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ყალბ ახალ ამბებსა და ხელისუფლებისადმი უპატივცემულობის გამოხატვის დასჯაზე კანონები იმისთვის მიიღო, რომ ხელისუფლების კრიტიკა არ დაუშვას. 

რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 23% მიიჩნევს, რომ ეს კანონები მასობრივ მედიასა და ინტერნეტში ახალი ამბების სანდოობის ხარისხის უზრუნველსაყოფად მიიღეს. 

ხელისუფლებისადმი უპატივცემულობის შესახებ მიღებული კანონი 53%-ს არ მოსწონს, 39%-ს კი მოსწონს. ადამიანების დასჯას "არასანდო" ახალი ამბების გავრცელებისთვის მოსახლეობის 55% ემხრობა, 33% კი არ ემხრობა. 

რუსეთის მოსახლეობის 41% ამბობს, რომ ამ კანონების შესახებ სოციოლოგებისგან გამოკითხვის დროს გაიგეს. ეს მონაცემი წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ხელისუფლების კუთვნილი სოციოლოგიური ცენტრის ВЦИОМ-ის გამოკითხვასთან, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 78%-მა იცის ამ კანონების შესახებ. 

7 მარტს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც იმ პირებისათვის, ვინც მთავრობას და ოფიციალურ პირებს ონლაინ "შეურაცხყოფს", პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონის მიხედვით შეურაცხმყოფელი პოსტებისათვის, რომლებიც "საზოგადოების, ქვეყნის, რუსეთის, ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლებისადმი უპატივცემულობას" შეიცავს, პირს შესაძლოა 100 000 რუბლამდე ჯარიმა დაეკოსროს, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯოს.

კანონპროექტის მოწინაარმდეგეები ამბობდნენ, რომ ის იმდენად ბუნდოვანია, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში შესაძლოა მთავრობის ნებისმიერი სახის კრიტიკა დასჯადი გახდეს.

პარლამენტმა კიდევ ერთი კანონპროექტიც დაამტკიცა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაბოლკოს ვებგვერდები, რომლებიც "შეურაცხმყოფელ მასალას" ან "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებს. კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ ის დამოუკიდებელი და ოპოზიციური ვებგვერდების ჩასახშობად არ გამოიყენება.

რუსეთში პუტინის რეიტინგი 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა და 33%-ია. მისი პოპულარობის დაცემა დიდწილად საპენსიო ასაკის ზრდის რეფორმამ გამოიწვია.

კომენტარები