9 აპრილი

ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის გვარი შეეშალა, ოჯახი მიღებაზე არ მიიწვიეს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის გამართულ მიღებაზე გამოსვლისას 9 აპრილს დაღუპული 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის გვარი არასწორად წაიკითხა როგორც ბეჟანაშვილი.

მიღებაზე არ იყვნენ მიწვეული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახის წევრებიც. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა მედიას განუცხადა, მიზეზი ის იყო, რომ ადმინისტრაციამ ოჯახთან დაკავშირება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ავლაბრის სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა 9 აპრილს დაღუპული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ.

მისი თქმით სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ჩამოთვლისას მისი შვილი არ უხსენებია:

"ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ...ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, რომ დავმჯდარიყავი. პუტჩისტები ჰყავდათ დამჯდარი იქ. მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ იყო რაზე დამიძახეს მე, ვინ ვარ? მე არავინ არ ვარ. მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და საერთოდ არავინ არ ვარ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენა." თქვა მან სასახლის დატოვებისას რუსთავი 2-თან.

სალომე ზურაბიშვილს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

განმარტება გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისი თქმით ეს ტექნიკური შეცდომა იყო, თამარ ჭოველიძის სახელი სიაში არ იყო გამორჩენილი და, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ტექსტის წაკითხვის დროს ერთი ხაზიდან მეორეზე გადავიდა. ჟვანიას თქმით, შესაძლოა სწორედ ამიტომ წაიკითხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა გვარები ხელმეორედ.

კომენტარები