სანდრო გირგვლიანის საქმე

რატომ არ გაასაჩივრა გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება სააპელაციოში - შავგულიძის პასუხი

შალვა შავგულიძე
ambebi.ge

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს ტელეარხ "იმედთან", მოსამართლე ლევან მურუსიძის დასაცავად, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა

ივანიშვილმა თქვა, რომ გირგვლიანის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, რომელიც ახლა პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს ერთობლივი ბლოკის სახელით იყრის კენჭს, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მაგიერ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რითიც ივანშვილის თქმით, მან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა მოსპო. 

თუ რატომ არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადააწყვეტილება შალვა შავგულიძემ სააპელაციო სასამართლოში, ამის შესახებ მან 3 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა. შავგულიძე წერს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რათა საქმეზე სამართალწარმოების პროცესი ჩიხში არ შესულიყო და ევროპის სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა არ მოსპობილიყო.  

წაიკითხეთ შალვა შავგულიძის ვრცელი და დეტალური ახსნა:

"იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე, 450-ე, 501-ე მუხლებისა და 540-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციისათვის მოეთხოვა მსჯავრდებულთა ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება, ვიდრე ეს წინასწარი გამოძიების ეტაპზე საბრალდებო დასკვნით მოახდინა პროკურატურამ, ვინაიდან არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები უფლებამოსილი არ იყვნენ ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით გასცდენოდნენ საბრალდებო დასკვნის ფარგლებს.

დაზარალებულს ასევე არ შეეძლო პირველი ან სააპელაციო ინსტანციისათვის მოეთხოვა საქმის დამატებით გამოძიებისათვის დაბრუნება. ასეთი მოთხოვნის დაყენების უფლება მხოლოდ პროკურორს გააჩნდა. 

ამგვარად, ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ სასჯელის ზომის ნაწილში გაგვესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და მოგვეთხოვა მსჯავრდებულებისათვის, ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში, შედარებით მძიმე სასჯელის დაკისრება.

ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დავდგებოდით იმ საშიშროების წინაშე, რომ თუ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნას, აღარ შეგვეძლებოდა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება საკასაციო ინსტანციაში და ასევე აღარ გვექნებოდა შესაძლებლობა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსათვის მიგვემართა, ვინაიდან დაკმაყოფილებული იქნებოდა სასამართლოს წინაშე ჩვენს მიერ დაყენებული მოთხოვნა.

ანუ, მოცემულ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებოდა იმ შედეგით, რომ მსჯავრდებულ 4 პირს, მათი ქმედების იმავე კვალიფიკაციის ფარგლებში (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით მოჰყვა სიკვდილი), ცოტა უფრო მძიმე სასჯელი დაეკისრებოდა, რაც არ წარმოადგენდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეების: ირინა ენუქიძისა და გურამ გირგვლიანის ინტერესს. მათ ინტერესს მსჯავრდებულთა ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) მინიჭება, ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მხილება და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენდა, რისი განხორციელების შესაძლებლობა მოგვესპობოდა. 

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გავასაჩივრებდით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო ინსტანციაში, შესაძლებელი იყო მოვლენათა ორნაირი განვითარება:

ა) თუ ბრალდების ან დაცვის მხარე (პროკურატურა ან ერთ-ერთი მსჯავრდებული მაინც) პირველი ინსტანციის განაჩენს გაასაჩივრებდა სააპელაციო ინსტანციაში, ჩვენ, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენელი (სუბსიდიური ბრალმდებელი) სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო განხილვაში, რის შემდეგაც შესაძლებლობა გვექნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაგვესაჩივრებინა საკასაციო ინსტანციაში. (მოვლენები სწორედ ასე განვითარდა).

ბ) თუ არც პროკურორი და არც ერთი მსჯავრდებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებდა სააპელაციო ინსტანციაში, მაშინ მოცემულ საქმეზე ადგილობრივი სამართალწარმოება დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენ გვრჩებოდა შესაძლებლობა, რომ კონვენციის მე-13, მე-6 და მე-2 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით (უფლება ეფექტურ ზომაზე; სამართლიანი სასამართლოს უფლება; სიცოცხლის უფლება) მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსათვის, რამდენადაც ჩვენ დავასაბუთებდით, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო ინსტანცია არ წარმოადგენდა ეფექტურ შიდასახელმწიფოებრივ საშუალებას დაზარალებულის დარღვეული უფლების დაცვისათვის.

შექმნილ ვითარებაში, დაზარალებულის უფლებამონაცვლეებმა გაიზიარეს ჩემი, როგორც მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიცია,რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა სააპელაციო ინსტანციაში, რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა, ვინაიდან მოცემულ საქმეზე სამართლიანი შედეგის მიღწევის პერსპექტივას ადგილობრივი სამართალწარმოების პროცესში ნამდვილად ვეღარ ვხედავდით.

ის, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის პირობებში, დაზარალებულის ინტერესების დაცვისათვის სააპელაციო ინსტანცია არ წარმოადგენდა ეფექტურ შიდასახელმწიფოებრივ საშუალებას, დასტურდება ევროპის სასამართლოს მიერ ჩვენი საჩივრის დასაშვებად ცნობისა და მისი არსებითად განხილვის ფაქტით.

ევროპის სასამართლოსადმი ი. ენუქიძის საჩივრის 14.29 პუნქტში ჩვენ ავხსენით თუ რატომ არ გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში; დავასაბუთეთ, რომ საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანცია არაეფექტური იყო მოცემულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისა და დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დაცვისათვის. 

მომჩივნის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგასაჩივრება სააპელაციო ინსტანციაში, ევროპის სასამართლომ არ მიიჩნია ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი ზომის არგამოყენებად, დასაშვებად სცნო საჩივარი და არსებითად განიხილა იგი(იხ. საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპის სასამართლოს 26.04.2011 წლის გადაწყვეტილება - პუნქტი 173). წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის სასამართლო, კონვენციის 35.1 მუხლის თანახმად, დაუშვებლად ცნობდა ი. ენუქიძის საჩივარს.

ამგვარად, მოცემულ შემთხვევაში ჩვენ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არ გასაჩივრება სააპელაციო ინსტანციაში იყო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რათა ჩიხში არ შესულიყო საქმეზე სამართალწარმოების პროცესი და არ მოგვსპობოდა ევროპის სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა. ჩვენი ამგვარი ტაქტიკის სისწორე დამდგარი შედეგით - მოცემულ საქმეზე ევროპის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დასტურდება,"- წერს შავგულიძე. 

კომენტარები