ეკა ბესელია

ბესელია არ იზიარებს ივანიშვილის აზრს, რომ გირგვლიანის საქმეში შავგულიძემ შეცდომა დაუშვა

facebook.com/ekaterine.beselia

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ეკა ბესელია არ იზიარებს ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გირგვლიანის საქმეში ადვოკატმა შალვა შავგულიძემ შეცდომა დაუშვა და მოსამართლე ლევან მურუსიძეს "არავითარი ვარირების საშუალება არ ჰქონდა კანონმდებლობით".

ეკა ბესელია ტაბულასთან ამბობს, რომ სამართლებრივ საკითხებზე კომენტარი იურისტებმა უნდა აკეთონ. დეპუტატის თქმით, ლევან მურუსიძეს სხვა გადაწყვეტილების მიღება შეეძლო.

"აბსოლუტურად არ ვიზიარებ ამას, აბსოლუტურად არ ვიზიარებ. საერთოდ, სამართლებრივ საკითხებზე კომენტარები და ანალიზი ალბათ უფრო იურისტებმა უნდა აკეთონ. ბიძინა ივანიშვილი ჩვენი იურიდიული გადაწყვეტილებების ანალიზს აკეთებდა და მე არ მგონია, რომ მას შეუძლია იურიდიული ანალიზი აკეთოს ჩვენს სამართლებრივ გადაწყვეტილებებზე. უბრალოდ, მას უთხრეს და გაიმეორა. ის, რომ უზენაეს სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე თურმე არ შეეძლო სხვა გადაწყვეტილების მიღება და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დარღვევებით მოხდა და ეს უზენაეს სასამართლოს უნდა გაესწორებინა, ელემენტარული სამართლებრივი საკითხებია. უზენაეს სასამართლოს, მურუსიძეს რა თქმა უნდა შეეძლო სხვა გადაწყვეტილების მიღება, მსჯელობა იმ დარღვევებზე, რომლებიც არღვევდა კონსტიტუციას და ევროპული კონვენციის სტანდარტებს. საერთოდ, პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს, არათუ ევროპულ კონვენციას, რომლის ფარგლებში უნდა მოხდეს საქმის განხილვა. ასე ვიწროდ შეხედო ამ საკითხს, არის მხოლოდ არაკომპეტენტურობა", - თქვა ბესელიამ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს, ტელეკომპანია იმედის გადაცემაში საუბრისას სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძის გასამართლებლად თქვა, რომ მურუსიძე საქმეს პირველ ინსტანციაში ვერ დააბრუნებდა, რადგან გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 

"შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ. შავგულიძემ არ დაწერა რატომღაც აპელაციაში როდესაც პირველმა ინსტანციამ ძალიან დაბალი სასჯელი მიუსადაგა, 8 და 7-7 წელი. მეორე ინსტანციის შემდგომ როდესაც უზენაესში გადავიდა სურვილი უჩნდება შავგულიძეს მაგრამ აღარ აქვს ამის საშუალება იმიტომ რომ პირველი ინსტანცია გამოტოვა. ასეა, შავგულიძის დღევანდელ პოზიციას თუ ვნახავთ, სად არის ის, რეალურად ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდა და ნაციონალური მოძრობა მას მხარს უჭერს არჩევნებზე - ევროპული საქართველოა მაგრამ ეს ერთია ჩემთვის ორივე. და სად მივიდა დღეს შავგულიძე თუ ვნახავთ, ის, რაც მეგონა რომ გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როცა აპელაციაში არ დაწერა, დღეს ასე აღარ ვთვლი. ის იყო თამაშის მონაწილე", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, პარადოქსია, რომ "დღეს საზოგადოებაში შავგულიძე ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება როგორც მკვლელი".

ცნობისთვის, 21 მარტს, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პოლიტიკური ბლოკი შექმნეს და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდის ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატი, შალვა შავგულიძე წარადგინეს. 

კომენტარები