შსს

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა. ამის შესახებ დღეს გადა ცნობილი, სადაც უწყებამ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და სამოქმედო გეგმა წარადგინა. მინისტრმა გიორგი გახარიამ კამპანიაზე სახელწოდებით "მეტი სიცოცხლისთვის" პრეზენტაციის დროს ისაუბრა.

"ჩვენი ძირითადი მიზანი იმ კამპანიისთვის, რომელსაც "მეტი სიცოცხლისთვის" დავარქვით, იყო ჩვენ თვითონ და საზოგადოების თითოეული წევრი გამოგვეყვანა კომფორტის ზონიდან. ნაწილობრივ ჩვენ ეს შევძელით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კრიტიკოსს, მათ შორის ძალზედ მკაცრი კრიტიკისთვის, მათ შორის ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს და კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მართლა კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა, თუმცა, მინდა გითხრათ, კოლეგებო, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი მარტივი არჩევანი. ყოველთვის ვიაზრებდით და დღესაც ვიაზრებთ, რომ თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას და არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მანვე, ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ მაჩვენებელსა და მის შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბებს გაუსვა ხაზი და მდგომარეობის გამოსწორებაში თითოეული მოქალაქის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ყველა კვლევით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, საქართველო გზებზე დაკარგული მოსახლეობის რაოდენობით არის ლიდერი, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაშიც. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი. ჩვენ არ ვსაუბრობთ რომელიმე უწყების კარგ ან ცუდ მუშაობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მიზეზებზე: ეს გახლავთ სიჩქარის გადამეტება, საპირისპირო მოძრაობაზე გამოსვლა, საგზაო ნიშნის მონაცემების არ დამორჩილება, სიმთვრალე. ეს არის საზოგადოების საერთო პრობლემა და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თითოეული საზოგადოების წევრის პირდაპირი ვალდებულებაა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და რეალურად შევაფასოთ ის გამოწვევა, რომელიც არის ჩვენს გზებზე", - თქვა გახარიამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვერც ერთი უწყება ამ პრობლემას მარტო ვერ მოაგვარებს, რადგან ეს მთლიანად საზოგადოების გამოწვევაა.

თბილისის და რამდენიმე ქალაქის ქუჩებში ამოყირავებული მანქანები 10 აპრილს გამოჩნდა. მერიაში თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ინსტალაციები მათ არ დაუდგამთ და არც ავტორის ვინაობა იციან. მოგვიანებით კი უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ დედაქალაქის ქუჩებში ამოყირავებული მანქანების დამონტაჟება მათთან შეთანხმებული იყო, ინიციატორი კერძო კომპანიაა და მისი ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა იმ კომპანიის ვინაობა, ვინც მანქანები ბოძებზე დაამონტაჟა, დღეს კი გაირკვა, რომ დამკვეთი შინაგან საქმეთა სამინისტროა. აღსანიშნავია, რომ უწყებაში თავდაპირველად ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.

კომენტარები